ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიუხედავად, ასობით მსჯავრდებული პატიმრობაში რჩება

გამოქვეყნდა:

ასეულობით პატიმარი ციხეში ზის იმის გამო, რომ ტანსაცმელზე ან სხეულზე ნარკოტიკის კვალი აღმოუჩინეს. კვალი - პირდაპირი მნიშვნელობით, ნარკოტიკის ისეთი მცირე რაოდენობა, რომელსაც ვერანაირად ვერ მოიხმარ.

მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულები წლობით რჩებიან ციხეში. საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიჩნია, რომ ტანისამოსზე ნარკოტიკის არამოხმარებადი კვალის გამო ადამიანის წლობით ციხეში გამოკეტვა არაკონსტიტუციურია,  თუმცა მსჯავრდებულები მაინც პატიმრობაში რჩებიან.

განმარტება ასეთია: ყველა პატიმარმა უნდა მიმართოს სასამართლოს, რათა ამ უკანასკნელმა ექსპერტის დახმარებით დაადგინოს, მოხმარებადი იყო თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკის რაოდენობა. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ციხის დატოვების რეალური შანსი.

მანამდე კი პატიმრებისთვის არაფერი იცვლება - ისინი ისევ ციხეში რჩებიან.

ლიანა ნიკოლაიშვილის შვილი სასჯელს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის იხდის. პატიმრის დედას ამოსუნთქვის საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ივნისის გადაწყვეტილებამ მისცა, რომლის მიხედვითაც, პატიმრობა ნებისმიერი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის, რომლის დოზაც არ არის ვარგისი ერთჯერადი მოხმარებისთვის, არაკონსტიტუციურია

შსს-ს ექსპერტიზას შეუძლია, რომ ნებისმიერ ნივთიერებში ნებისმიერი დოზა აღმოაჩინოს, აი, მაგალითად, თითით რომ ვინმემ მაისურზე მოგისვათ ნარკოტიკი, მერე ეს მაისური ექპერტიზამ რომ "გარეცხოს", ამოვა ის ნარკოტიკი, და ამისთვის შეიძლება 5-დან 7-წლამდე მოგისაჯონ

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ "საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტს" რამდენიმე მსჯავრდებულმა უკვე მიმართა.

პირველი სამი საქმის არსი ასეთია: ამოღებულია გამოყენებული ერთჯერადი შპრიცი ნახევარი მილიგრამი მოყავისფრო ნივთიერებით, რომელშიც ექსპერტიზამ დეზომორფინი აღმოაჩინა - 0.338 მემილიონედი გრამი (0,000 338 გრ.). პატიმრობა - 7 წელი.

მეორე შემთხვევაში, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცარიელი ქილა, მინაზე დანაშრევები და შიგნით ბამბის ტამპონი იპოვეს. ექსპერტიზამ 0.1126 მეათმილიონედი გრამი (0,0001126 გრ.) დეზომორფინი აღმოაჩინა. პატიმრობა - 5 წელი.

მესამე შემთხვევაში კი ასევე მოყავისფრო-მოყვითალო სითხეში 0.417 მემილიონედი გრამი (0,000417გრ) მეტადონი იყო. პატიმრობის ვადა - 5 წელი.

ობიექტურად, ეს ნარკოტიკი არ არსებობს. იმდენად ცოტაა, ვერც მოიხმარ, ვერც დაინახავ.

სასჯელს ციხეში ასობით ადამიანი იხდის იმდენად მცირე დოზის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენიახვისთვის, რომელიც 50-ჯერ ან მეტჯერ ნაკლებია, ვიდრე შაქრის ფხვნილის ერთი კრისტალი. სასამართლომ დაადგინა, რომ მათი პატიმრობა არაკონსტიტუციურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 260-ე მუხლით გასამართლებულებს ციხის კარს ერთბაშად გაუღებენ.

იმავე 4 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, ყოველ შემთხვევაზე სასამართლომ ექსპერტების დახმარებით უნდა დაადგინოს ნარკოტიკული ნივთიერება იყო თუ არა, ასე ვთქვათ, ვარგისი, ანუ საკმარისი მოხმარებისთვის, რაც იმას ნიშნავს, ყველა პატიმარმა სასამართლოს ინდივიდუალურად უნდა მიმართოს. ლიანა ნიკოლაიშვილი ამას ვერ მოახერხებდა, რომ არ სცოდნოდა, რომ სამართალწარმოებაში არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარებოდა.

ხშირად ოჯახებს ინფორმაციაც არ აქვთ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის ასეთი მნიშვენლოვანი გადაწყვეტილების შესახებ. ამას თუ ადვოკატის დასაქირავებლად სახსრების არარსებობასაც დავუმატებთ, დღევანდელ სურათს მივიღებთ.

ასობით პატიმარი ღირსების შემლახავ სასჯელს იხდის. ასეთ სასჯელს კი საქართველოს კონსტიტუცია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებასთან ათანაბრებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეთავაზებაა, უბრალოდ გადაიხედოს ყველა განაჩენი 260-ე მუხლით და იმ შემთხვევებში, სადაც ნარკოტიკული ნივთიერების დოზა იმდენად დაბალია, რომ საექსპერტო კვლევაც არ სჭირდება, ყველა მსჯავრდებული გათავისუფლდეს. სადაც სასამართლო სხდომების მოწყობა რესურსის არაგონივრული ხარჯვაა და ჭეშმარიტების დადგენას ერთი სატელეფონო ზარიც კი ჰყოფნის.

ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი ექსპერტის ჩართვას ასეთ საქმეებში საჭიროდ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, როცა ნარკოტიკის რაოდენობა ახლოსაა მოსახმარად ვარგის პირობით დოზასთან. ზუსტი ცხრილები არ არსებობს, რამდენადაც ადამიანის ნარკოტიკული თრობის მისაღწევად  სხვადასხვა ფაქტორი მუშაობს

საკონსტიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილება არის პირველი, რომელიც  ყველა ნარკოტიკულ საშუალებას ერთდროულად ეხება და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ავტორები: მაია ლომიძე, ტატო გურგენიძე, გიორგი ფაილოძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი