გიორგი შაქარაშვილის ისტორიაში, რომელმაც საზოგადოების ასეთი ჩართულობა გამოიწვია, ნანა კევლიშვილმა თავისი შვილის საქმის პარალელები დაინახა.
ცხრა თვის წინ, 16 წლის გიორგი ყუშიტაშვილს უბანში კონფლიქტი მოუვიდა. გამოძიების ვერსიის მიხედვით, უბნის ბიჭებმა ჯერ გიორგის ბიძაშვილს წაართვეს მობილური ტელეფონი, შემდეგ კი მას. წართმევიდან რამდენიმე საათში, გიორგი მეზობელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. ტელეფონის წართმევის ფაქტზე სასამართლომ ექვსი პირს უკვე მიუსაჯა სასჯელი, მაგრამ გარდაცვალების ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. გიორგის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ვიღაცამ მოკლა.
ერთ-ერთი მთავარი მსგავსება, დედის თქმით ის არის, რომ, როგორც შაქარაშვილის საქმეში, მისი შვილის საქმეშიც მოწმეებს ეშინიათ და არ საუბრობენ.
დედას ყველაზე მეტად, ცოტა ხნის წინ ნანახი ექსპერტიზის პასუხი აეჭვებს, სადაც ორაზროვნად წერია, რომ გიორგის დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიღებული.
დასკვნა დეკემბერში გამოქვეყნდა და მას შემდეგ გამომძებელს ექსპერტი უნდა დაეკითხა, რომ უფრო ნათელი გამხდარიყო, გიორგის მიმართ სახურავზე ყოფნისას იძალადა ვინმემ, თუ დაზიანებები სოცოცხლის დროინდელია, მაგრამ ისინი სხეულის გადმოვარდნის შედეგად მიღებული, რადგან დაცემისას გიორგი ცოტა ხანს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საეჭვო აქ ის არის, რომ გამომძიებელს ცხრა თვის განმავლობაში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უცდია. მეორე საეჭვო გარემოება, თუ გიორგის სახურავზე ვინმესთან ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა, მის ფრჩხილებში, დიდი ალბათობით, სახურავზე მასთან ერთად მყოფი პირების დეენემის ნიმუშები დარჩებოდა. ადვოკატის თქმით, გიროგის ფრჩხილებიდან ანაწმენდები აღებულია, მაგრამ, სხვა პირთა ნიმუშები ჯერ, ისევ არ არის აღებული. უპირველეს ყოვლისა კი იმ პირების ნიმუშები, რომლებსაც მისთვის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეფონის წართმევა ბრალდებათ.
კიდევ უფრო საინტერესოა, რომ სასამართლოს მიერ ტელეფონის წართმევისთვის გასამართლებული ბიჭების ადვოკატებმა "მავარ არხს" უთხრეს, რომ თანახმანი არიან დეენემის ნიმუშების ჩაბარებაზე, მაგრამ ამას გამომძიებელი არ აკეთებს. ადვოკატის თქმით, დეენემის ნიმუშის ჩაბარებაზე ასევე თანახმაა ძარცვისთვის გასამართლებული ერთ-ერთი ბიჭი მიხეილ ბალოიანიც ოღონდ ერთი პირობით.
ტელეფონის წართმევის შემდეგ გიორგი, მეგობრების თქმით, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით მეგობრებთან ერთად მეტროთი წასულა, უკან მობრუნებული კი ავიდა სახურავზე და რამდენიმე წუთში მას გარდაცვლილს პოულობენ. ადვოკატის თქმით, გამოძება მხოლოდ გიორგის მეგობრების ჩვენებას დაეყრდნო, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბრიტანულ სკოლაში მეგობარს გასაუბრებაზე გაჰყვნენ, მაგრამ გამოძიებას სხვა წყაროებით არ გადაუმოწმებია, მართლია თუ არა მათი მონაყოლი, იქნებ ისინი საერთოდ არ წასულან თავისუფლების მოედანზე, ან წავიდნენ, მაგრამ მათი ვიზიტი ისევ კონფლიქტთან იყო დაკავშრებული. ადვოკატის თქმით, გამოძიებას ამ მარშრუტიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც არ ამოუღია.
ამ შემთხვევაშიც, ტელეფონის წართმევისთვის გასამართლებული პირების ადვოკატებიც ამბობენ, რომ გამოძიებას გიორგის ბოლო მარშრუტი უკეთესად უნდა შეესწავლა.
პროკურატურას დღეს "მთავარმა" კითხვებით მიმართა, რატომ არ დაკითხა გამოძიებამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ცხრა თვის განმავლობაში, რატომ არ იღებს გამომძიებელი დაპატიმრებული პირების დეენემის ნიმუშებს და რატომ არ შეისწავლა გამოძებამ გიორგის სიცოცხლის უკანასკნელი საათები და მისი უკანასკნელი მარშრუტი სათვალთვალო კამერების დახმარებით. პროკურატურიდან მივიღეთ სიტყვიერი განმარტება, რომ ხვალ შეძლებენ პასუხების გაცემას.
გიორგის დედასთან ერთად გასამართლებული პირების ადვოკატებიც არ გამორიცხავენ, რომ გირგი შეიძლება ვიღაც სხვამ მოკლა.
გიორგი კიკბოქსელი და მრავალი ჯილდოს მფლობელი იყო. დედას იმედი აქვს, რომ საზოგადოება მისი შვილის ამბავსაც მიაქცევს ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ საქმესაც ყოველდღიურად უფრო მეტი ნათელი მოეფინოს ისევე, როგორც ეს გიორგი შაქარაშვილის ისტორიაში ხდება.
ავტორები: ლაშა კვესელაძე, გიორგი დულარიძე, საბა კვარაცხელია