ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბასილაშვილმა დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა - მოსამართლე

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დარბაზშივე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტები. 

მოსამართლემ საჯაროდ განიხილა ყველა ეპიზოდი, ამ ეპიზოდებზე წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები და განაცხადა, რომ ფაქტები არ იყო საკმარისი ნელი დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად. 

"...ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს. ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში გამოხატული და ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. 

ამ ტანჯვიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, ბრალდების მხარეს ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორის მხრივ, ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ასე არ მოხდა...“, - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ცნობისთვის, ნელი დოროყაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი