
განადგურებული მტკიცებულებები, შეცვლილი ჩვენებები, დამალული ფიგურანტები და ბევრი ტყუილი - გამოძიებამ თავიდანვე ისეთი მიმართულება აიღო, რომ აშკარად იკვეთებოდა მცდელობა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა უბედურ შემთხვევად გაესაღებინათ.
თავდაპირველად, ბრალდებაში გიორგის დაღუპვა საერთოდ არ ფიგურირებდა. საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ ამ ვერსიამ დიდხანს ვერ გაძლო და ახლა გამოძიება ჯგუფური მკვლელობის მუხლით გრძელდება, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, რეალურად მოხდება თუ არა დამნაშავეების გამოვლენა და მათი დასჯა. მათ გასასამართლებლად ბევრი აუცილებელი მტკიცებულება უკვე, უბრალოდ, აღარ არსებობს.
დღემდე ისიც კი არ ვიცით დანამდვილებით, სად სცემეს გიორგის და როგორ მოხვდა ის წყალში.
ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩინა. მას რამდენიმე ადამიანი ბლაგვი საგნით ურტყამდა. თუმცა, ხაზგასმულია, რომ სიკვდილი დადგა წყალში. მაშასადამე, ექსპერტიზის თანახმად, მიზეზი, რამაც სიკვდილი გამოიწვია, დახრჩობაა.
მსოფლიოში არსებობს 2 ტიპის - სტამბულის და მინესოტას ექსპერტიზის პროტოკოლი, რომელსაც დასავლეთში მიჰყვებიან. როდესაც ძალადობრივ სიკვდილზეა საუბარი, ორივე პროტოკოლი არ აფასებს შედეგს, თუ როგორ დადგა სიკვდილი. მათთვის მთავარია ფაქტი, თუ როგორ მივიდა ადამიანის დაზიანებული სხეული გარდაცვალებამდე.
როგორ მუშაობენ ჩვენთან: ქართული ექსპერტიზა ეყრდნობა ფაქტს, თუ რა დროს დადგა სიკვდილი. ასეა რუსეთშიც და ასე იყო საბჭოთა კავშირშიც. ამის ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რომელშიც ექსპერტიზის პირველადი დასკვნა გულის გახეთქვა იყო, მაგრამ არა მიზეზი, თუ როგორ მივიდა ტატუნაშვილის სხეულ იმ მძიმე აღსასრულამდე, რადგან მას სხეულზე ეტყობოდა წამების ასზე მეტი კვალი, რამაც საბოლოოდ გულის გაჩერება გამოიწვია.
რა მოგვცა ექსპერტიზამ? ისევ ბუნდოვანება და არაფერი კონკრეტული, რაც არ ვიცოდით იმავე დღეს სხეულის პოვნისას. პირველადი დათვალიერების შემდეგ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თქვა, რომ წყლიდან ამოყვანის შემდეგ სხეულს ეტყობოდა ცემისა და ბლაგვი საგნით მიყენებული ნახეთქი ჭრილობების კვალი. რა ითქვა ახალი? ექსპერტიზამ წყალში დახრჩობის დასკვნას მოანდომა 18 დღე, როცა შეეძლო პასუხი 2 დღეშიც ჰქონოდა.
საქმის მასალების შესწავლიდან ვიგებთ, რომ ბოლო, ვინც გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი დაინახა, იყო ახვლედიანი. მაშინ ლოგიკურად ჩდება ეჭვი - რატომ შეარჩია გამოძიებამ მაინცადამაინც გურამ ამირხანაშვილი და რატომ არა ახვლედიანი? რატომ ამჯობინეს საგამოძიებო ექსპერიმენტში სწორედ მისი ჩართვა?
თუკი არ ჩართეს ექსპერიმენტში ახვლედიანი, მის გარდა ამ ლოკაციაზე ქათამაძეც იმყოფებოდა, თუმცა საქმეში დევს ექიმ მარეხ ბექაიას მიერ ხელმოწერილი და 20 ივნისით დათარიღებული ცნობა, სადაც ის გამოძიებას დაშავებულის გამოკითხვის უფლებას არ აძლევს. მიზეზად დასახელებულია COVID-19-ით შესაძლო ინფიცირება.
რატომ არის დარწმუნებული დღემდე გამოძიება, რომ შემთხვევის ადგილი სწორედ ხიდის ქვეშაა და ამ არგუმენტს სამხილით, ჩანთით ამყარებს? - ეს ამირხანაშვილის ვერსიაა.
რა ხდება ამის შემდეგ და რას ამბობს გამოძიება? ამირხანაშვილი თბილისში ჩამოდის და ის თეთრი ფურგონიდან ჩამომავალ ადამიანს ხვდება, ჩდება ეჭვი რომ ეს "კაწრო", თუმცა პროკურატურამ ლაშა ლურსმანაშვილი გაგვაცნო.
მოდით, დავაკვირდეთ ამ ორივე პერსონაჟს და შევადაროთ ის მოცემულობები, რაც თეთრპერანგიანთან შეიძლება ჰქონდეთ საერთო. ერთი შეხედვით, თუკი მას ავთო ბილანიშვილს შევადარებთ, აშკარაა, რომ თეთრპერანგიანი "კაწროზე" მაღალია. სიმაღლეში ის ჰგავს ლურსმანაშვილს, სახის მოყვანილობა - ცხვირი ყურები თმა... მთავარი განსხვავებაა ის, რომ ლურსმანაშვილი შესამჩნევად მსუქანია თეთრპერანგიანისგან შედარებით.
ლურსმანაშვილის, ფიოზიონომია აბსოლიტურად განსხვავებულია. მას ბევრად დიდი ცხვირი აქვს, ვიდრე ბილანშვილს და კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ვიდეოში გამოჩენილ მამაკაცს. ფაქტი ცასლახაა - ვიდეოში აღბეჭდილი მამაკაცი არცერთი არაა, ის არც "კაწროა" და არც ლურსმანაშვილი.
ცვლიდნენ ჩვენებებს, ძალით ნადგურდებოდა შემთხვევის ადგილები, ჩდებოდა ცეცხლი "ოქროს მოწმის" სამალავთან. გამომძიებლები ძალით თუ საკუთარი უცოდინრობით არ ინტერესდებოდნენ მთავარი კითხვებით...
კიდევ ერთი კითხვა: თუკი ამირხანასვილი შორდება თეთრპერანგიანს, ჩვენ ვხედავთ როგორ ადის ის გადასასვლელ გზაზე, მაგრამ ლოგიკურად, თუკი ის სახლში წავიდოდა ტაქსით, ამ მიმართულებით მხოლოდ ჩუღურეთი და დიდუბეა. თუკი მას ღამის 2 საათისკენ სახლში წასვლა აქვს განზრახული, ტაქსის გააჩერებდა იქვე გაჩერებაზე, რადგან ამ დროს არ ავტობუსი და არც მეტრო აღარ დადის. შესაბამისად, არავინ იცის სად მიდის იგი მანამ, სანამ დილის 8 საათისკენ შაქარაშვილების ოჯახში ზარს არ განახორციელებს.
პროკურატურამ აქაც დააგვიანა მიემართა მერიიისთვის კამერების ამოღებაზე. კამერები წაშლილია. თუმცა, თუკი კარგად დავაკვირდებით ხიდს, ვნახავთ, რომ აქ აქ არა მერიის, არამედ იმავე შსს-ს კამერა აყენა, აქვს წარწერა და მთელს დიაპაზონზე იწერს გადაადგილებას, რომელსაც მარტივად შეეძლო დაიფიქსირებინა, სად წავიდა თეთრპერანგიანი და რა ნომრის ავტომობილი იყო სპრინტერი ან ტაქსი. ჩვენ ასევე გავიგებდით გური ამირხანაშვილის გადაადგილებასაც.
გარდა ამისა, ახალი კამერები, რომლითაც მოხდა აღჭურვა, ჩანაწერებს 30 დღე ინახავს შიდა მეხსიერებაზე და ამოცნობაც დღეს სამინისტროს თანამედროვე ტექნოლოგიებით ბევრად მარტივია. ამის სადემონსტრაციოდ სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეორგოლიც შემოგვთავაზა.
თუკი ამ ყველაფერს ყველაზე კრიტიკულ დროს სახელმწიფო საკუთარი თანამოქალაქეების დასაცავად არ იყნებეს, მაშინ რატომ ვართ სახელმწიფო, რატომ ვკეკლუცობთ ახალი რეფორმით, ჭკვიანი კამერებით და ლამაზი საპატრულო ეკიპაჟებით? ნუთუ ეს ყველაფერი ისევ ვინმეზე ხელის დასაფარებლად და კრიმინალის ხელოვნურად წასახალისებლად უნდა დარჩეს?
დავუშვათ, რომ შემთხვევის ადგილი მართლაც სწორედ გური ამირხანაშვილის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად დადგენილი ლოკაციაა, მაშინ რატომ არ გაუფრთხილდა სახელმწიფო და გამოძიება ყველაზე მნიშვნელოვან სამხილს, რატომ არ შემოიფარგლა და მოხდა შემთხვევის ადგილის დაცვა?
ჩვენ დავინტერესდით, როგორ იქცევიან სხვა სახელმწიფოები მსგავსი შემთხვევებისას და როგორ მიმდინარეობს ძიება. როცა სავარაუდო შემთხვევის ადგილი მდინარის ნაპირია, პირველად იწყება ე.წ. "სველი ძებნა", ანუ წყლით დათვალიერება ნაპირის, რადგან თვლიან, რომ ამ დროს ლოგიკურად წყალზე ვერანაირ ნაკვალევს ვერ წაშლი. ამის შემდეგ, საქმეში რთავენ ძაღლებს, რომლებიც დაგეშილნი არიან და სავარაუდო მსხვერპლის სუნზე რეაგირებენ, თუ სად მიდის მისი კვალი.
რა ვნახეთ ჩვენ? როგორ მოექცა სახელმწიფო შაქარაშვილის საქმის დღემდე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევის ადგილს? უკვე მეორე დღესვე, ანუ 20 ივნისს, საქმეში ჩართეს 70 მაშველი და ისინი ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიაზე შეუშვეს. მათ პრაქტიკულად ფეხებით გათელეს ყველა მნიშვნელოვანი სამხილი ხმელეთზე.
სისტემა აქაც ჩავარდა, ან თავიდანვე ცდილობდა, გეგმაზომიერად გაექრო ყველა ის სამხილი, რომელსაც შესაძლოა შაქარაშვილის სიკდვილის რეალურ ვერსიამდე მივეყვანეთ.
საბოლოოდ, ისრები გამოძიებამ მედიაზე და კონკრეტულად "მთავარ არხზე" გადაიტანა. მათ ტელევიზიის დირექტორი დაიბარეს და საქმეში დახმარება სთხოვეს, თუ ვინ იყო წყარო, რა ინფორმაცია ჰქონდა მას და იქნებ გამძიებას დახმარებოდა.
გადაიწვა "ოქროს მოწმის" სამალავი, დაისვა დიდი კითხვის ნიშანი - ვინ არის თეთრპერანგიანი, გაყალბდა 112-ის ჩანაწერები, 3-4-ჯერ და 5-ჯერ დაიკითხნენ მოწმეები და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები გაჩნდა საქმეში. შეიქმნა ქაოსი რაც მომავალში ვერაფრით გამოსწორდება და რაც ყველაზე ცუდია, ვეღარასდროს დავეწევით პირველსაწყისს, როცა ცხელ კვალზე ნორმალურ საგამოძიებო პირობებში ყველაფერს ფარდა აეხდებოდა.
ჯერ ისიც არ ვიცით, სულ რამდენი ავტომობილი იყო იმ ღამით ხიდთან, მათ შორის ადვოკატებიც ღიად საუბრობენ, რომ საქმეში მოცემული ავტომობილების გარდა იქ სხვებიც იყვნენ. ეჭვს კიდევ უფრო გვიმყარებს ფოტოები, რომლებიც ფერად შენობასთან გური ამირხანაშვილის წაყვანიდან რამდენიმე საათშია გადაღებული. თუმცა, დღეს ეს ადგილები გადამწვარია ან იქ უამრავია ადამიანია ნამყოფი. შესაბამისად, რა ხდებოდა იქ, ამას გამოძიება ფიზიკურად ვეღარ დაადგენს. მაგალითად, ღამის 4:30 წუთზე სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ აქ კიდევ ერთი მანქანა ჩერდება. ვინ და რატომ ჩერდება შემთხვევის ადგილას, ამაზეც მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოითქვას.
იგივე სამართალდარღვევის ნიშნებს ვხედავთ ფოტოგრაფის ჩვენებებში. სატელოფონო საუბარი ჩაწერილია 30 ივნისს. ისევ არ დაისვა კითხვები - რატომ არ შედგა ოქმი, რატომ არ დაიწყო შესაძლო ჩხუბის ფაქტზე მოკვლევა და რატომ იქცა საპატრულო ეკიპაჟი ტაქსად, რომელიც მცხეთა-თბილისის რეისზე მოემსახურა ფოტოგრაფს. ისევ ვრჩებით ვერსიების იმედად და რაც დრო გადის, სახელმწიფოს ხელოვნურად შევყავართ ჩიხში.
რთული იქნება კონკრეტულად ვინმესთვის დამტკიცება, რომ დანაშაული მოხდა, რადგან სიკვდილი, როგორც ექსპერტიზა გვეუბნება, წყალში დადგა.
ავტორები: დავით აბრამიშვილი, გოგა გოგელაშვილი, გიორგი დულარიძე, გიორგი ფაილოძე