
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოუწევს.
დიტო საძაგლიშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ბრალდებით არავინ გაუსამართლებიათ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია.
"ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლო სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ ამ მუხლით ადამიანები არ მიდიან საპატიმრო დაწესებულებაში. არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში გამონაკლისი განპირობებულია პოლიტიკური მოტივაციით და იმის გამო, რომ ნიკა გვარამია არის კრიტიკული მედია საშუალების გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ესაა ერთადერთი მიზეზი მისი ციხეში ყოფნის", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 24 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე დღეს მხარეების რეპლიკებს და ნიკა გვარამიას საბოლოო სიტყვას მოისმენს. სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი როდის გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".
ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.