სოფელში 15-20 ოჯახს ერთად ასი ათასის გადახდა მოსთხოვეს, კაპიკსაც ვერ წაიღებთ - მარნეულში დაჭრილის ვიდეო

გამოქვეყნდა:

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივები გუშინ მომხდარი დაპირისპირების სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მათ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ არიფ აზიზოვის დაჭრა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვას ეხება.

დაჭრილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კრიმინალების მიერ "ფულის შეწერაზე" საუბრობს და ამბობს, რომ სოფლიდან ერთ კაპიკსაც ვერ წაიღებენ. 

"გავიგე, რომ ვიღაცები სოფლის მოსახლეობას ურეკავენ და ფულს აწერენ. ამბობენ, რომ კონკრეტული თანხა უნდა გადაიხადონ, ვინ არიან ასე რომ იქცევიან, არავის აქვს უფლება გარედან გვიკარნახოს როგორ ვიცხოვროთ. მივმართავ ყველას დღეს ვინც ამ თემითაა შეწუხებული, ნებისმიერ დროს დამიძახეთ და თქვენ გვერდით დავდგები. დღეს პოლიტიკის გამო რომ ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ამით სარგებლობენ, მათ ხლეჩენ და ასუსტებენ, ეს სოფელი ყიზილაჯლოა, ძლიერი სოფელია, მივმართავ მათ, ვინც ჩემს თანასოფლელებს ურეკავს და აწუხებს, მანქანა და ფული უნდა გაგვიყო, ამის უფლება არ გაქვთ. სოფელში მასიური შემოსევაა, 15-20 ოჯახს ერთად ასი ათასის გადახდა მოსთხოვეს, ამას ვერ ეღირსებით, 100 000-ს კი არა ერთ კაპიკსაც ვერ წაიღებთ ამ სოფლიდან, მე ამას არ დავუშვებ", - ამბობს დაჭრილი პირი ვიდეო მიმართვაში. 

ადგილობრივების თქმით, ფეხში დაჭრილი კაცი საკუთარი მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი