
ზუგდიდში გუშინ გამართული სპეცოპერაციისას დაკავებული დავით, იგივე დადუ შენგელიას სახლიდან სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, "მეტადონი" და "ლირიკა" ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადუ შენგელია სწორედ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.
სპეცოპერაციის დროს, რომელიც ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად შენგელიას ავტომანქანა, 6 785 დოლარი და 500 ევროც ამოიღეს.
დაკავებული დადუ შენგელია დაჯგუფება "ტყის ძმების" ლიდერის, დავით შენგელიას შვილია. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს დღეს, ქიმიური ექსტპერტიზის დასკვნის შემდეგ წაუყენებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვასა და გადაზიდვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია გუშინ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცოპერაცია თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა.