დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს, რომელთაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ფეხბურთელის მკვლელობაში ადანაშაულებს. მას შემდეგ კი, რაც ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდაა, ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნაც კატეგორიული გახდა.
ბრალდებული რაგბისტების ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არის კონკრეტული მტკიცებულება, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ ექვს პირს კავშირი ჰქონდა შაქარაშვილის მკვლელობასთან.
ვნახოთ რა მიმართულებით წავა გამოძიება და შეძლებს თუ არა გამოძიება, ზოგადად გამოკვეთოს ვინმე იმ დანაშაულთან მიმართებით, რა მუხლითაც დაიწყეს ახლა გამოძიება. მე არ ვგულისხმობ აქ "ტოიოტა ქამრის", ზოგადად ვლაპარაკობ. ამ ეტაპზე ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმეს წარედგინოს საერთოდ ბრალი, - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
რაგბისტების ადვოკატიც ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბიოლოგიური ან სხვა სახის შემხებლობას შაქარაშვილთან.
დღეის მონაცემებით ჩვენ არ გვაქვს არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც დაასტურებს გარდაცვლილთან რაიმე ურთიერთობის ფაქტს, მათ შორის ძალადობას, ცემას და ა.შ, - ამბობს
რაგბისტების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით კი გამოძიებას უკვე აქვს მიზეზი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გააგრძელოს. ნიკოლაძე "ტოიოტა ქამრში" მყოფი პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
ჩვენ ვითხოვთ "ტოიოტა ქამრის" ექვსივე მგზავრის დასჯას, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის სათანადო პუნქტით და ნაწილით, ვინაიდან სწორედ აღნიშნული პირების მისვლის შემდეგ დადგა გიორგის მკვლელობის ფაქტი, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.
დაინტერესდა თუ არა გამოძიება "მთავარი არხის" ეთერში გასული საქმის ახალი დეტალებით, ამ დრომდე უცნობია.