
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - 1971 წელს დაბადებული მ.ი., 1984 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1983 წელს დაბადებული მ.გ. და 2002 წელს დაბადებული ს.გ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა", - წერია უწყების განცხადებაში.
ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.