ბაქოს ქუჩაზე უკვე მეორე დღეა პანიკაა. კრიმინალური ისტორია, რომელიც აქ ნახეს ყველას 90-იან წლების ხელწერას ახსენებს. პირველი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ საკუთარი თვალით ნახა ის ორი მძარცველი, რომელმაც მისი მეზობელი ორთქლის ცხელი უთოთი აწამა და ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით სასტიკად სცემა.
ნანი ფუტკარაიას დაყაჩაღება კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო. სოხუმიდან დევნილი ჯერ სასტიკად აწამეს შემდეგ შვილების სურათები გაუგზავნეს და მათი მოკვლით დაემუქრნენ თუ პოლიციაში იჩივლებდა.
ნანი ფუტკარაიას გადარჩენას, ახლა ალადაშვილის კლინიკის ექიმები ცდილობენ, ქალი შოკურ მდგომარეობაშია და მედიკოსებმა არ იციან, როდის დატოვებს კლინიკას. ქალმა, რომელიც უთოთი აწამეს, დღეს "მთავარ არხთან" პირველი კომენტარი გააკეთა და ყაჩაღური თავდასხმა აღწერა.
კრიმინალის შემოტევას, ახლა თბილისში ყველა ოჯახი გრძნობს, ხალხი ამბობს, რომ ძარცვის და ყაჩაღობის მეთოდები სულ უფრო ემსგავსება ბნელი 90-იანებს სტილს, როდესაც ნიღბიან თავდამსხმელები ცხელი უთოთი ადამიანებს აწამებდნენ და ბოლო თეთრამდე სახლიდან მიჰქონდათ ყველაფერი.
უკვე მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ახერხებს დააკავოს ყაჩაღები,რომლებმაც ახალგაზრდა ქალი წამებით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. იმის გამო რომ მძარცველები ბახილებით და ხელთათმანებით მუშაობდნენ, ბინაში ვერ მიაკვლიეს მათ თითს ანაბეჭდებსაც.