
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ერთი პირი - 1961 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "ბრაუნინგის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა.
პოლიციამ თბილისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს: კუსტარული წესით გადაკეთებული პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", საბრძოლო შაშხანა, "ვინჩესტერის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევის დეტალი, 6 სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 7 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 8 ამფეთქი ფალია და 2 დეტონატორი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1380 ვაზნა"- წერია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.