რამდენიმე თვეა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, დაჯგუფება ხალხს ე.წ. ქურდების სახელით ფულს სძალავს. შედარებით შეძლებულ ოჯახებს 50 000 ლარის გადახდას აიძულებენ. რაც უფრო მდიდარია მოსახლე, თანხაც უფრო მაღალია.
კრიმინალებისგან განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არის სოფელი ყიზილაჯლო, სადაც ჩვენი ინფორმაციით მთლიანი სოფლიდან კრიმინალური დაჯგუფება 3 000 000 ლარის ამოღებას აპირებს. თუ ვინმე წინააღმდეგ წავა, არაფერს ერიდებიან, მათ შორის არც სოფლის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მამაკაცის ჩაცხრილვას.
კაცი, რომელიც ყიზილაჯლოს ჩაიხანაში ჩაცხრილეს არიფ აზიზოვია. ის პირველია ვინც ე.წ კანონიერი ქურდების მხრიდან სოფელში ფულის გამოძალვა სააშკარაოზე გამოიტანა. მან ვიდეომიმართვა ჩაწერა და კრიმინალები გააფრთხილა, რომ მათ სოფლიდან ფულს აღარ გაატანენ. აზიზოვი გადარჩა, მას 4 ტყვია ფეხებში მოხვდა.
პირი, რომელმაც არიფ აზოზვს ესროლა, თურქეთის მოქალაქეა. რამდენიმე დღეში პოლიციამ ის დააკავა და ნივთმტკიცებად დანაშაულის იარაღი ამოიღო.
კამერის მიღმა ადგილობრივები ყვებიან, რომ ის მარტო არ იყო და თან კიდევ 1 კაცი ახლდა, რომელიც არიფის გადაადგილებას აკონტროლებდა. ის დაკავებული არ არის.
ვინ არის ის პირი, ვისი დავალებითაც სოფლებში ხალხს ფულს ართმევენ?
ჩვენი ინფორმაციით, ის 46 წლის, დმანისში დაბადებული ეთნიკურად აზერბაიჯანელი ე.წ. კანონიერი ქურდი ნამიკ სალიფოვია. მკვლელი არიფ აზიზოვის გასანეიტრალებლად სწორედ მან გაგზავნა. სალიფოვი ე.წ. "კრიმინალური სამყაროს" "ბოსის", აწ უკვე გარდაცვლილი ნადირ სალიფოვის, იგივე "გულის" ძმაა.
ნამიკი ახლა თურქეთშია და მისი დავალებით ქართულ სოფლებში ფულის ამოღების ოპერაციას მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვინმე "ტარპედა" ხელმძღვანელობს. ყიზილაჯლოში სწორედ მას და მის დაჯგუფებას ევალება შეძლებულ ოჯახებს, რომლებიც ციხეში ფულს არ აგზავნიან, დიდი ოდენობით ფული წაართვან.
მარნეულსა და ყიზილაჯლოში რამდენიმე ბიზნესმენმა და მოვაჭრემ თანხის მიცემაზე ე.წ ქურდებს უარი უთხრეს. კრიმინალებმა კი პასუხი მალევე გასცეს - რამდენიმეს ავტომანქანა დაუცხრილეს და დაუწვეს, ხოლო ერთს მაღაზია გადაუწვეს. ყვებიან იმასაც, რომ ფულის არმიცემის გამო, ერთ-ერთი მოვაჭრის შვილს სასტიკად სცემეს.
არსებობს ვერსია, რომ ხალხს სხვა კრიმინალური დაჯგუფება ატერორებს. "ევროპული საქართველოს" წვერის ინფორმაციით ე.წ. კანონიერი ქურდი ნამიკი ცდილობს სხვა კრიმინალების მხრიდან ფულის გამოძალვის საქმე "დაალაგოს", რომ ხალხი აღარ შეაწუხონ. ვინ არის "იქს" კრიმინალური ჯგუფი, არავინ იცის.
შსს-მ იცის რა ხდება სოფელ ყიზილაჯლოში. მარნეულს პოლიციის უფროსი არ ჰყავს. მოქმედმა ძალოვანმა რამდენიმე კოლეგასთან ერთად, პატაკი დაწერა და მექსიკის გავლით, აშშ-ში წავიდა.
მარნეულის პოლიციის უფროსის მოადგილემ კრიმინალების მხრიდან გამოძალვის ფაქტი არც დაადასტურა, არც უარყო.