აშშ-ის საელჩო: ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს, ევროპული მომავლისა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ  "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და წერს, რომ  ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს. 

"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია" - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და მას ბრალი დაუმძიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე, რომელზეც პირველმა ინსტანციამ მას  3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება ბრალის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ამ ნაწილში 50 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკა გვარამიას ამ ნაწილზეც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იმის გამო, რომ სასჯელი ერთმანეთს ემთხვევა, პატიმრობის ვადა არ იცვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი