მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან - თორნიკე მამალაძე სტრასბურგზე

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება მსჯავრდებული დეკანოზის ძმა. თორნიკე მამალაძე წერს, რომ მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად და დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლოს:

"პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება!
ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.
მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!
სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება მოგვიანებით" წერს თორნიკე მამალაძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა, დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის  მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში და მე - 2 პუნქტი - უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგი საჩივარს 3 წლის განმავლობაში განიხილავდა. ადვოკატი კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა. 

შეგახსენებთ, სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის  თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის,  შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი