სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი საქმის წარმოების განახლების საფუძველია - ჯანდიერი "ციანიდის საქმეზე"

გამოქვეყნდა:

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს და ამბობს, რომ ევროსასამართლომ მათი სამი მოთხოვნიდან ორი დააკმაყოფილა. ჯანდიერის თქმით, მსჯავრდებულს აქვს უფლება, უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს იმისთვის, რომ პატიმრობის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა მოხდეს.

გარდა ამისა, ჯანდიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების განახლების საშუალებას იძლევა მსჯავრდების ნაწილში:

"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის, ანუ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა. სამი ძირითადი მოთხოვნა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული, ერთი, მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას უკავშირდებოდა, მეორე, საქმის განხილვას დახურულ რეჟიმში და მესამე, უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სხვა ნაწილებში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.

მას აქვს შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს იმისათვის, რომ უფრო მსუბუქი სასჯელით მოხდეს შეცვლა. 

ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება აქვს" - განაცხადა ჯანდიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

იუსტიციის სამინისტროს განცხადების პასუხად, რომ სტრასბურგმა ძირითადად პროცედურული დარღვევები დაადგინა, ჯანდიერი ამბობს:

"ძალიან ვწუხვარ, თუ იუსტიციის სამინისტრომ ეს თქვა, რადგან მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს ეხება. სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის, თუ არ არის. საუბარია, პროცედურა რამდენად არის დაცული... სასამართლომ თქვა, რომ მე-6 მუხლი დაირღვა, ადამიანის უფლება დარღვეულია, განაჩენები ეფუძნება ადამიანის უფლების დარღვევას და კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკას. იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო და უხერხულია უბრალოდ“, - განაცხადა ჯანდიერმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი