
სასულიერო პირები გაზრდილი კრიმინალისა და კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ გამოდიან - სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვალა, საქართველო მალე 90-იანი წლების რეალობაზე უარეს ვითარებაში აღმოჩნდება.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს მიაჩნიათ, რომ კრიმინალური ფონის ზრდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ვითარებითაა გამოწვეული.
დეკანოზი, მამა არჩილ ხელაძე მიიჩნევს, რომ თუ არ გავითვალისწინებთ ჯანმრთელი საზოგადოების მშენებლობის საფუძვლებს, 90-იან წლებს ბევრად გადავაჭარბებთ.
90-იან წლებს თავისი პრობლემატიკა ჰქონდა, დღეს გაცილებით მეტი რაღაცის გაფუჭება ან გაკეთება შეუძლია ადამიანს, თუ იგი რაღაც გზას დაადგება, - ამბობს დეკანოზი.
ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი, მეუფე მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ გაზრდილი სოციალური სტრესი თვალში საცემია და ამას ეკონომიკური სიდუხჭირე ემატება.
ეს თვალში საცემია საზოგადოების ყველა ფენაში და შესაბამისად, თავის გამოხატულებას პოულობს აგრესიაში და ძალადობაში, - ამბობს მეუფე.
იგი მიიჩნევს, რომ მართალია, ყველა მოვლენას საკუთარი მიზეზი აქვს, მაგრამ ზოგადი მძიმე სოციალური ფონი კრიმინალის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ავტორი: საბა ბუაძე.