6 ავტომობილი და ჯგუფური ტყუილები - ახალი გარემოებები შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

მერსედესის მგზავრები: გიგა ტატიაშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე, ნიკა ქანაშვილი და არასრულწლოვანი ნ.ც. 

ტოიოტა ქამრი: ვახო ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე და ორი არასრულწლოვანი.

ორივე ავტომობილის შესახებ პირველივე დღეებიდან ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ავტომობილებში მსხდომების იდენტიფიცირებაც მალევე მოხდა და ახლა ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან, თუმცა 19 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე კიდევ ბევრი ავტომობილი და არაერთი პირი იმყოფებოდა. 

მაგალითად, საგამოძიებო უწყება 2 მანქანით არ დაინტერესებულა. ისინი არაგვის ხიდთან 01 საათსა და 05 წუთზე ჩერდებიან, მაშინ როდესაც მოპირდაპირე მხარეს რაღაც ხდება, ზუსტად იმ დროს როცა ქამრიდან გადმოსული პირები შაქარაშვილს მისდევენ. შავი ფერის 2 ავტომობილი "ქებაბ ჰაუსთან" ჩერდება, იმ ადგილთან ახლოს, სადაც იაკობ ბრეგვაძე იმალება და ისინი ვიღაცას ფარების ხშირი ანთებით ნიშანს აძლევენ. ავტომობილების და შიგნით მსხდომი პირების შესახებ 17 ტომიან საქმეში არაფერი იძებნება. 

საქმეში ფიგურირებს კიდევ 2 ავტომობილი. 1. მერსედესი ცე-ელ-კა, რომლის მგზავრები არიან ნახალოვკელი გიგა ჭანტურია,გიორგი ელარჯიშვილი და გიორგი ყაველაშვილი და 2. "ტოიოტა ვიტსი", სადაც სხედან ბესიკ გობეჯიშვილი,სულხან ბაკაშვილი, მიშა ბეშიძე და გიგა ბუცხრიკიძე.

ისინი ნაძალადევის რაიონიდან მცხეთის მიმართულებით, მერსედესსა და ქამრიზე ოდნავ გვიან დაიძრნენ. ნატახტართან გადაუხვიეს და ზარს ელოდებოდნენ. ამ ექვსი პირიდან რამდენიმე პირველივე დღეებში გამოკითხეს, ნაწილით კი გამოძიება მხოლოდ გუშინ დაინტერესდა. ჩვენებაში ყველა მათგანი წერს, რომ ხიდზე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ და მცხეთაში არასრულწლოვანი მეგობრების წამოსაყვანად წავიდნენ. 

გობეჯიშვილის ჩვენება:

გავაჩერე ბენზინგასამართ სადგურზე დიღმის გზაზე. ამ დროს ჩემს მანქანაში მყოფ ერთ-ერთ პიროვნებას დაურეკა ტელეფონმა და საუბრის დასრულების მერე გავიგეთ რომ უნდა გადაგვეხვია ნატახტართან. ავედით ნატახტარში მიმდებარედ „იმერულ ეზოსთან“, დავაპარკინგეთ ავტომანქანა, რადგან არ ვიცოდით სად მივდიოდით და ველოდებოდით ზარს. ამასობაში დაურეკეს გიგა ბუცხრიკიძეს და უთხრეს, რომ გიორგი მერაბიშვილი, ვის წასაყვანადაც მივდიოდით იყო მათთან ერთად და მიდიოდნენ თბილისის მიმართულებით. ამის შემდეგ მე და ჩემს ავტომანქანაში მსხდომი პირები წავედით ქალაქ თბილისში. გზაში ავტომობილიდან არავინ გადასულა და არც არავინ ჩაგვისვამს

6 ავტომობილი და 20- ზე მეტი პირი - მათი ჩვენებებით თუ ვიმსჯელებთ მცხეთაში ყველა იქ დარჩენილი ორი არასრულწლოვანის წამოსაყვანად წავიდა, თუმცა ეს რომ ასე არაა უკვე დადასტურებული ფაქტია. საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება - რატომ არ დაინტერესდა გამოძიება იმ ავტომობილებით, რომლებიც კამერებშიც ჩანან და რომლის მგზავრების ჩვენებებშიც ბევრი უზუსტობაა. 

საქმეში ფიგურანტი ავტომობილები ამით არ დასრულებულა. არაგვის ხიდზე კიდევ მინიმუმ 3 ავტომობილი იყო. ამ შემთვევაში საბურთალოელები. თბილისში დაბრუნებლმა გური ამირხანაშვილმა მეგობარ ირაკლი წაქაძეს დაურეკა და სთხოვა გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად მცხეთაში წასულიყო. 

აღნიშნულზე ირაკლი წაქაძე დამთანხმდა. დილას მითხრა, რომ სამი ავტომანქანით წავიდნენ ირაკლი და მისი მეგობრები გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ

თავად  წაქაძე კი ამ ვერსიას ყვება:

ლუკას და საბას მეგობრები, რომელთა ვინაობაც ჩემთვის უცნობია, წავიდნენ მცხეთაში დარჩენილი მეგობრების ჩამოსაყვანად. მე დეტალურად არ დავკვირვებივარ მათ მანქანებს, თუმცა, მახსოვს, რომ ერთი იყო ვერცხლისფერი „ლექსუსი“, მეორე, მუქი ფერის ჯიპის ტიპის მანქანა, ხოლო მესამე არ მახსოვს. მე და ჩემი მეგობრები დავრჩით ჩემს მანქანაში.

სამი ავტომობილიდან, რომლებზეც გურამ ამირხანაშვილი და ირაკლი წაქაძე ჩვენებებში ლაპარაკობენ დიდი ალბათობით ერთი ნაცნობი ტაქსია. მძღოლი კახა სანდოძე, რომელმაც ნაცემი გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი ჩამოიყვანა თბილისში. მუქი ფერის ჯიპის ავტომობილი შესაძლოა ის შავი ფერის ჰიუნდაი იყოს, რომლის შესახებ სანდოძე წერს თავის ჩვენებაში:

„ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ“.

ჰიუნდაის მძღოლი გამოკითხული არ არის. რაც შეეხება მესამე ავტომობილს, ვერცხლისფერ „ლექსუსს“, ვინ არის მისი მძღოლი და იყო თუ არა ეს ავტომობილი ინციდენტის ადგილას, ამის შესახებ საქმის მასალებში ამ ეტაპზე არაფერი წერია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი