
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სოციალურ ქსელში 112-ის იმ ჩანაწერის გაზიარებას აიძულებდნენ, რომელიც უწყებამ რამდენიმე დღის წინ, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში გაავრცელა და სადაც შსს-ს ინფორმაციით, საქმის ერთ ერთი ფიგურანტის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სატელეფონო ზარია ჩაწერილი.
ინფორმაცია ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ "მთავარ აქცენტებში" გაასაჯაროვა. დეკანოიძე ამბობ, რომ მას ეს ინფორმაცია პატრულის ერთ ერთმა ოცმეთაურმა მიაწოდა, თუმცა დეკანოიძე არ აკონკრეტებს ვინ. დეკანოიძემ "მთავარი არხს" ამის ამსახველი ე.წ. სქრინებიც გადასცა.
"იმ დღეს, როდესაც შსს ავრცელებს 112-ის ზარს, რომელიც დარწმუნებული ვარ გაყალბებულია, მასიურად პატრულის ყველა ოცეულს, ყველა ასეულს, მათ შორის მეთაურებს, მასიურად მისდით ლინკი, სადაც დევს 112-ის ზარი. ყველას უნდა გაეზიარებინა ეს, მათ შორის პირველი ჩანაწერი და მეორე ჩანაწერი" - ამბობს დეკანოიძე.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატრულ-ინსპექტორებს სამინისტრო მსგავს დავალებებს აძლევს. დეკანოიძის თქმით, როგორც მას საპატრულო პოლიციის ერთ ერთმა თანამშრომელმა უთხრა, ხელმძღვანელობა მათ საჯარო საქმეებზე, უწყების ინტერესების გამტარებელი ინფორმაციების გაზიარებას სთხოვს.