
არსებობს სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის მოხდენის საფრთხეები, არაობიექტური გამოძიებისა და დაუსჯელობის რისკები - ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის პოლიტიკურ რიტორიკასა და მუშაობაში არ იკვეთება ხედვები სისტემაში არსებული პრობლემების აღიარებისა და ფუნდამენტური რეფორმების გზით მოგვარების თაობაზე.
მესამე სექტორში შაქარაშვილისა და ხორავას ქუჩის ამბებს იხსენებენ და გამოძიების ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
შაქარაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის სისტემური პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს. მუდმივად არის რისკი, რომ პოლიციელთა არაკვალიფიციურობით თუ დაუდევრობით უხეშადა შეიძლება შეილახოს მოქალაქეების ინტერესები. ჩვენ შეიძლება ვნახოთ პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება პოლიტიკურ კონიუნქტურას და პოლიციელები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ პოლიტიკური დაკვეთებს. რაც საბოლოო ჯამში საბოლოოდ აცლის ნდობას სამართალდამცავ სისტემას, - ამბობს EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი გურამ იმნაძე.