თბილისის ცენტრში დამწვარი ავტომობილის ოფიციალური მფლობელი პარლამენტის დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ძმა, არჩილ კობიაშვილია.
"მერსედესის" მარკის ავტომობილს ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ფალიაშვილის 47 ნომერში 26 სექტემბერს ღამით მანქანა რამდენიმე წუთის განმავლობაში იწვოდა.
როგორც გაირკვა კობიაშვილის ავტომობილით გოგა ფეიქრიშვილი გადაადგილდებოდა. გოგა და მისი ძმა დათო, თბილისში ტყუპების სახელით არიან ცნობილები. ტყუპი ძმები არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებენ და კრიმინალური სამყაროს ნაწილისთვის ავტორიტეტებიც არიან.
წარსულში არაერთხელ ნასამართლევი გოგა ფეიქრიშვილი ბოლოს 2016 წლის 4 სექტემბერს დააკავეს, სოსო ჯოხაძის მკვლელობიდან 2 დღეში. ტყუპები სოსო ჯოხაძის მკვლელობაში მსჯავრდებული ბადუკა ნათობაძის მეგობრები არიან. არსებობს ეჭვი,რომ სოსო ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ დაპირისპირება და შურისძიება კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კვლავ გრძელდება, ამ ეჭვს ამყარებს ფაქტი, რომ ფეიქრიშვილის ავტომობილი ზუსტად იმ ადგილას დაწვეს, სადაც 3 წლის წინ ბადუკა ნათობაძემ სოსო ჯოხაძე მოკლა.
გოგა ფეიქირიშვილის ავტომობილის დაწვა შემთხვევითი რომ არ არის ამას 2 თვის წინ მომხდარი ფაქტი ადასტურებს. 2019 წლის 14 ივლისს ფეიქრიშვილს სახლთან მანქანა პირველად დაუწვეს. ის ავტომობილიც არჩილ კობიაშვილის სახელზე იყო გაფორმებული. კადრებში,რომელიც მთავარმა არხმა მოიპოვა კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდება უცნობი მამაკაცი ავტომობილისკენ და ამის შემდეგ, როგორ ფეთქდება მანქანა. გოგა ფეიქრიშვილს მედიასთან საუბარი არ სურს.
არსებობს ეჭვი,რომ ტყუპებიდან ერთ-ერთის ავტომობილის ორჯერ დაწვა ჯოხაძეების ახლო მეგობრის, მიშა ომიაძის დავალება იყო ბადუკა ნათობაძის სამეგობროზე შურისძიების მიზნით.
ომიაძე საქართველოდან ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ მალევე წავიდა და გაფრთხილებულია,რომ საზღვრის კვეთის შემთხვევაში დააკავებენ. თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, გიორგი ჯოხაძესთან ერთად ომიაძე საქართველოში ჩამოვიდა. ჯოხაძე დააკავეს და დღემდე პატიმრობაშია, ომიაძე კი რამდენიმე დღეში ქვეყნიდან უკან გაუშვეს.
სისხლის სამართლის საქმეში მიშა ომიაძის, რომელიც ფეიქრიშვილების მანქანის დაწვის სავარაუდო დამკვეთია, გვარი არ ფიგურირებს.ივლისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პოლიციას არავინ დაუკავებია.