ქურდობა თბილისში - გუშინ საღამოს თავისუფლების მოედანზე, გალერეა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში სტუმრად მყოფი ინდოეთის მოქალაქე გაქურდეს. ცნობილია, რომ ის სომხეთში ინდოეთის საელჩოს თანამშრომელია. დიპლომატი საქართველოში სამუშაო ვიზიტით გუშინ, 18 ნოემბერს ჩამოვიდა.
შემთხვევის დროს დიპლომატთან თანმხლები პირი "მთავარ არხთან" ყვება, რომ დიპლომატს ჯიბიდან საფულე არასრულწლოვნებმა ამოაცალეს და მიიმალნენ. საფულეში დიდი ოდენობით თანხა და საბუთები იდო.
"ინდოეთის საელჩოს თანამშრომელი აქ ჩამოსულია ოფიციალურ ვიზიტზე. გუშინ საღამოს 9 საათისთვის ჩვენ ვსეირნობდით რუსთაველზე, გალერეაში მოლში უნდოდა, თუმცა როცა შევდიოდით 3-4 ბავშვი მიეკრა, ერთი ფეხზე, ორი ხელზე და ამოიღეს ჯიბიდან საფულე.
მივხვდი, რომ მარტო სამი არ იყო, იმათ უკან 20-30 ბავშვი იყო და ბევრმა მითხრა, რომ ეგ ხშირად ხდებაო. პოლიციას ვუთხარი, რომ საელჩოს თანამშრომელია, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ პატარა ბავშვები არიან, არასრულწლოვანები. საფულეში მას ჰქონდა 300 დოლარი - 800 ლარი და 2000 ინდური რუპია და თავისი დიპლომატიური ბარათი და საბუთები", - თქვა დარისპან პრაშერმა.
როგორც ცნობილია, შსს-ს არასრულწლოვანები ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავს. გამოძიებამ ორივე პირი დღეს გამოკითხვაზე დაიბარა.
დიპლომატის მეგობარი ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება მარტივად შეუძლია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს კამერის ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ.