
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინ ტოტალიზატორებისა და კაზინოების მომხმარებელთა კუთვნილი საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფულის მოპარვაში ბრალდებული ხუთი პირი დაკავა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, ხოლო დაუსწრებლად პასუხისგებაშია მიცემული რუსეთის ერთი მოქალაქე. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი.
გამოძიების მიხედვით, დადგენილია, რომ ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან მოიპარეს და გაანაღდეს 23 მოქალაქის კუთვნილი თანხები. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ ჯამში 72 000 ლარი შეადგინა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.