ყალბი დოკუმენტაცია და ვიზები ირლანდიასა და აშშ-სთვის - დაკავებულია 4 პირი

გამოქვეყნდა:

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობისა და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 4 პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულ ორ პირს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია -  დაკავებულები Facebook-ში, მათ მიერვე შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, დაინტერესებულ პირებს, მომსახურების ანაზღაურების წინსწრებით გადახდის სანაცვლოდ, ყალბი საბუთების დამზადების გზით, მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად გადაყვანის მსურველი პირები წინასწარ, საფასურის სახით, გარკვეულ თანხებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულები თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, დაზარალებულებთან კომუნიკაციას წყვეტდნენ.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, დღეის მდგომარეობით შეადგენს 69080 აშშ დოლარს, 4830 ევროს და 6290 ლარს.

რაც შეეხება დაკავებულ დებს -  მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა. ბრალდებულები, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს ირლანდიის ყალბ ტრანზიტულ ვიზას უმზადებდნენ, თითქოს დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტული მიზნით მიემგზავრებოდნენ, აეროპორტში ჩაფრენის შემდგომ კი საქართველოს მოქალაქეები ირლანდიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედიოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მეორე მუხლით. დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი