20 წლის ზაალ ძაგანიშვილს პოლიცია უკვე მეხუთე დღეა ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან, პროცესის დაწყებამდე, პარასკევს 10 ივლისს გაექცა. გაქცეულის ოჯახში არ იციან სად არის ახლა ქურდობის ბრალდებით დაკავებული კაცი. ძაგანიშვილებმა არც ის იციან, რატომ გაიქცა მათი ოჯახის წევრი.
ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს მაშინ გაექცა, როცა სამართალდამცავები მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად გადავიდნენ და ბრალდებული უყურადღებოდ დატოვეს. ტერიტორიას სასამართლოს ეზოში სხვადასხვა მხრიდან დამონტაჟებული ექვსი კამერა უყურებს. როგორ გაეპარათ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელბს არავინ იცის. მედიისთვის არც ის არის ცნობილი, ამოღებულია თუ არა შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მასალა.
მას შემდეგ რაც ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელდა პროკუატურამ გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტით დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის სამ პოლიციელს ბრალი წარდგენილი არ აქვს. არც ის არის ცნობილი შეუჩერეს თუ არა სამართალდამცავებს უფლებამოსილება.
სასამართლოდან ეს ბრალდებულის გაქცევის პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წელს რუსთავის სასამართლოს ეზოდან მანდატურებს ოთარ ვარამაშვილი გაექცათ. თითქმის ორ თვიანი ძებნის შემდეგ ის საბოლოოდ დააკავეს. თუმცა ამ ორი თვის განმავლობაში მან ცოლიც მოიყვანა და არც რესტორნებში გართობას ერიდებოდა. 40 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა ბოლოს ზესტაფონში, სიმბოლურად რესტორანში აიყვანეს.
კიდევ ერთი შემთხვევა ზესტაფონში 2014 წელს მოხდა. მამაკაცი, რომელიც პოლიციელებმა ნარკოლოგიურ განყოფილებაში შესამოწმებლად გადაიყვანეს, საპატრულო ეკიპაჟიდან გაექცათ. გიორგი გურგენიძე, რომელიც შესამოწმებლად მასთან ერთად იყო იხსენებს, რომ ეს მხოლოდ პოლიციელების უყურადღებობის გამო მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცავები მას იმის თქმას აიძულებდნენ, რაც არ დაუნახავს და არ გაუგონია. მამაკაცი ქართულ სამართალს საფრანგეთში გაიქცა და როგორც აცხადებს აღარ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას.
როგორ შეიძლება პოლიციელებს უყურადღებობის გამოჩენის გარეშე გაექცეთ სასამართლოს ეზოდან ბრალდებული, თვითმხილველებისა და კამერების თანდასწრებით უცნობია. ახლა 20 წლის ზაალ ძაგანიშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა იძიებენ. ახალგაზრდა მამაკაცი კი თითქმის ერთი კვირაა არავის უნახავს და არსად გამოჩენილა.