შაქარაშვილის მკვლელებმა, შესაძლოა, საბრალდებო სკამი თავიდან აიცილონ

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალ მასალებში აღმოჩენილმა გარემოებებმა, შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მუხლი კიდევ უფრო შეასუსტოს და საბრალდებო სკამზე გამოძიებამ ვერავინ დასვას. მე-18 ტომის მიხედვით, სამართალდამცველები სამედიცინო ექსპერტებს ისეთ კითხვარს უგზავნიან, რომელითაც სავარაუდოდ არა განზრახ მკვლელობის, არამედ უბედური შემთხვევის დადგენას შეძლებენ. 

  • გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა, განვითარებული იყოს სწორი რელიეფის მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა/დაცემით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალი ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?
  • ცალკე აღებული სახისა და თავის არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრი სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის, ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • დაზიანებები ცალ-ცალკე ან ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოიწვევდა თუ არა მოძრაობის (ან გადაადგილების) შეზღუდვას?
  • თავზე არსებული დაზიანება გამოიწვევდა თუ არა გონების დაკარგვას ან შეუზღუდავდა თუ არა მოძრაობას?
  • რას ნიშნავს - დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? ანუ რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი?

გამოძიება 109-ე მუხლით რომ ვერავის დააკავებს, ეს ვარაუდი საქმის ადვოკატებს თავიდანვე გაუჩნდათ. დაგვიანებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები შაქარაშვილის განზრახ მკველელობის საქმეში კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას აჩენს. რატომ არ ცდილობენ საგამოძიებო უწყებები ჭეშმარიტების დადგენას, ეს დაკავებულების ადვოკატებმა არ იციან, თუმცა ამტკიცებენ, რომ არცერთი მათი დაცვის ქვეშ მყოფი საბრალდებო სკამზე უმძიმესი, განზრახ მკვლელობის მუხლით არ დაჯდება. 

18-ტომიან საქმეში არსად იძებნება ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის უკანასკნელი ჩვენება. რატომ გააქრო გამოძიებამ გამოკითხვის ოქმი, ან რა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს, უცნობია. არადა, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დოკუმენტებში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი. ოქროს მოწმე დუმს, ადვოკატები კი 18 ტომში მასზე ახალს ვერაფერს პოულობენ, რის გამოც ამირხანაშვილის საკითხი მათთვის ამ დრომდე ღიად რჩება.  

მას შემდეგ, რაც საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა, საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხ მოწმეთა ნაკადი არ წყდება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებმა დღეს ის მოზარდები გამოკითხეს, რომლებიც საბედისწერო წვეულებაზე იყვნენ. გამოძიების პირველ ეტაპზე ისინი მცხეთის პოლიციამ გამოკითხა, თუმცა რამდენიმე მათგანს დე-ენ-ემ-ის ნიმუში მაინც აუღეს. 

საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ არაგვის ხიდზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად გამოქცეული  ბიჭების დასახმარებლად თბილისიდან სამი ავტომობილი წავიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ "ტოიოტას" მარკის ტაქსის ადგილზე მხოლოდ ვახო ახვლედიანი და ბესო ქათამაძე დახვდნენ. თბილისში შუაღამის 3-ის ნახევარზე ჩამოიყვანეს, თუმცა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდნენ, რის გამოც მისი ძებნა საბედისწერო ღამეს არავის დაუწყია. 

დაადგენს თუ არა გამოძიება გიორგი შაქარაშვილის მკვლელის ვინაობას, უცნობია. აქამდე არსებული ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, სავარაუდოდ, დაგვიანებულია. მოწმეთა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები კი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ყოველდღე ართულებს. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი