
სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტების კასკადი და მათ შორის განსაკუთრებით შემაძრწუნებელი ძალადობა არასრულწლოვან ბავშვებზე. აჭარა, სამეგრელო, ქართლი - სამართალდამცველები ერთმანეთის მიყოლებით აკავებენ მამაკაცებს, რომლებიც სექსუალურ ძალადობაში არიან დადანაშაულებული.
ისტორიები, რომლებშიც 8 და 14 წლის ბავშვები და ზრდასრული ქალი მსხვერპლი არიან, განსაკუთრებულად ტრაგიკულია და სავარაუდოდ ძალადობა არაერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თითოეულმა მსხვერპლმა მხოლოდ ახლა შეძლო საკუთარი ტრაგედიის გამხელა ახლობლებისთვის ან პირდაპირ პოლიციისთვის.
შეტყობინებისთანავე სამართალდამცველმა სისტემამ იმოქმედა, მაგრამ უფლებადამცველები განგაშს აცხადებენ. ექსპერტების მტკიცებით, ხელისუფლებამ ყველაფერი იცის, მაგრამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ საკმარისი ეფექტურობით არ მოქმედებს.