20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება თერჯოლაში საზარელი მკვლელობის ჩამდენ მამაკაცს. თუმცა მანამდე ის ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა, სხეულის 70 პროცენტის დამწვრობით. მამაკაცი თავადაც დაშავდა ცივსისხლიანი მკვლელობისას, როდესაც ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ გაწირა და ოთახში ჩაკეტა. ქალი, რომელიც წლებია უარს ამბობდა ყოფილ მეუღლესთან შერიგებაზე, და რომელსაც შემაკავებელი ორდერის იმედი ჰქონდა, ადგილზე დაიღუპა.
რატომ ვერ მუშაობს სისტემა - ამ დანაშულის შემდეგ კითხვა კვლავ დღის წესრიგშია. ირკვევა, რომ ნათესავებმაც, მეგობრებმაც და პოლიციამაც იცოდნენ ყოფილი ქმრის აგრესიული ქცევის შესახებ. პოლიციის მიმართვით მამაკაცს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ბარიერი არც ამ და არც ბევრ სხვა შემთხვევაში. უფლებადამცველები, ახლა კვლავ ხელისუფლებას მიმართავენ და კანონმდებლობის და მისი აღსრულების გამკაცრებას მოითხოვენ.