
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო-შეძენა შენახვაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ონლაინ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ ერთ-ერთ ნარკოპლატფორმასა და აპლიკაცია "ტელეგრამში".
სამართალდამცველებმა ლოკაციაზე პირადი ჩხრეკისას 180 აბი ექსტაზი, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 4200 აბი ექსტაზი და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მდმა, ჰაშიში, კოკაინი და მარიხუანა ამოიღეს.
ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ამას გარდა, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.