
დღეს, პირველ დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის პროცესი გაიმართება. სხდომამდე კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უნდა სჯეროდეს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების.
"ვითმენთ ძალიან ბევრს, ზომაზე მეტს, მაგრამ მოთმინება, ხშირად ურწმუნო, უსულო ადამიანების წინაშე ძალიან დამღუპველია, აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს", - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
მისი თქმით, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობებ შვილების დახსნას.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნო.
პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.