
სახალხო დამცველმა "აჭარის ტელევიზიის" მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. ომბუდსმენის აპარატმა ნატალი ჯახუტაშვილის საქმე შეისწავლა, რომლის ინტერესებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ნატალი ჯახუტაშვილი ამჟამად "მთავარი არხის" კორესპონდენტია. "აჭარის ტელევიზიაში" კი ახალი ამბების თბილისის ბიუროს რეპორტიორი იყო.
საიას განმარტებით, მას ჯერ მიანიშნეს, რომ არ ჰქონოდა კრიტიკული ჩართვები, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, განუცხადეს, რომ ეკონომიკურ მიმართულებაზე გადაჰყავდათ, თუმცა, მიზეზი არ უთქვამთ.
ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტს ჰქონდა კრიტიკული და არასახელისუფლებო რიტორიკის შემცველი სიუჟეტები, რაც მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
სახალხო დამცველის შეფასებით გათავისუფლება, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, იყო ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის სამართლებრივი საშუალება.