შაქარაშვილის საქმე - გამოძიებას მკვლელების მხილებისთვის ათი დღე რჩება

გამოქვეყნდა:

გამოძიებას ზუსტად 10 დღე რჩება იმისთვის, რომ შაქარაშვილის მკვლელები ამხილოს, საკმარისი მტკიცებულებები მოაგროვოს და საქმე სასამართლოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურ დამნაშავეებს ან ნაკლებად მძიმე მუხლით გაასამართლებენ, ან საერთოდ ვერ დაიჭერენ.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, საბედისწერო წვეულების სტუმრები დღეს ისევ დაკითხეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს. 

დაკითხულთა შორის იყვნენ იუბილარის მეგობრები: ლიზი ნადირაძე და მარიამ ხატისკაცი. სწორედ ხატისკაცს ასახელებს შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი იმ მოტივად, რის გამოც ფეხბურთელმა ერთი შეხედვით უცხო წრეში სტუმრად წასვლა გადაწყვიტა. ლუკა გოგავას ჩვენებში, რომელიც საქმის მასალებში დევს - ვკითხულობთ:

"გვითხრა, რომ მოსწონდა მარიამ ხატისკაცი და მასთან აყალიბებდა სასიყვარულო ურთიერთობას, ასევე გვითხრა, რომ მოწონება ორმხრივი იყო და მარიამ ხატისკაცსაც მოსწონდა იგი. მოკლედ ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდათ".

თავად მარიამ ხატისკაცს დღევანდელი დაკითხვის შემდეგ ამ საკითხზე განმარტება აღარ გაუკეთებია. თქვა, რომ შაქარაშვილი ნარეკვავში მისი მიწვევით არ წასულა, მისი გაუჩინარების შესახებ კი ლიზი ნადირაძისგან გაიგო. 

ინფრომაციას, რომ შაქარაშვილი წვეულებაზე კონკრეტული პირის გამო წავიდა, გირგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

"გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის, ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე. გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო. რაც შეეხება ამ გოგოს, მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა."

მოკლული ფეხბურთელის მეგობარი ლუკა გოგავა, რომელიც მოწმის სახითაა დაკითხული, იხსენებს იმასაც, თუ რას ყვებოდა გურამ ამირხანაშვილი სამეგებრო წრეში. "ოქროს მოწმე", რომელმაც ჩვენება ხუთჯერ გადათქვა, თავდაპირველად უბნელებს უყვებოდა, რომ ის "ქამრიში" მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს და თბილისში იძულებით წამოიყვანეს. 

"გურამის ძებნის პროცესში მე კომუნიკაცია მქონდა გურამ ამირხანაშვილთან. ვეკითხებოდი დაბადების დღეზე მომხდარი ფაქტების შესახებ. გურამი მდევრებმა მალევე იპოვეს, ჰკითხეს თუ სად წავიდნენ დანარჩენები, რაზედაც გურამმა უპასუხა, რომ არ იცოდა. შემდეგ ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. მისივე გადმოცემით, იმ ეპიზოდში შეეშინდა, რომ არ ეცემათ". 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გური ამირხანაშვილმა გამოძიებას მეხუთედაც მისცა ჩვენება, თუმცა კიდევ რა გადათქვა უცნობია. როგორც ჩანს ოქროს მოწმის მეხუთე ჩვენება იმდენად არადამაჯერებელი გახდა, რომ ის გამომძიებლებმა საქმიდან უბრალოდ ამოიღეს. დაკავებულების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დარჩენილ 10 დღეში ბრალდების მხარე განზრახ მკვლელობის დამტკიცებას ვერ შეძლებს. 

ერთი თვის დაგვიანებით, დღეს გამოძიებამ გადაწყვიტა, ექსპერტიზა ჩაეტარებინა არასრულწლოვნისთვის, 
რომელიც ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფება. ექსპერტებს ერთადერთი რამ აინტერსებდათ, ხომ არ მიიღო მან დაზიანება 18-19 ივნისის ღამეს მომხდარ ჩხუბში. ერთი თვის დაგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ ამგავრი ფაქტი ვერ დაადგინა. 

საბედისწერო წვეულების სტუმრებისა და შაქარაშვილის მეგობრების დაკითხვა ცენტრალურ კრიმინალურ
პოლიციაში მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. დრო კი აღარ ითმენს, ან სამართალდამცავი უწყება 10 დღეში მოაგროვებს ყველა სამხილს, ან მკვლელები ისევ დაუსჯელები დარჩებიან.  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი