
სპეცოპერაცია ჭიათურაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, "ქურდული სამყაროს" წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა" - წერია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ხსენებული "ქურდული გარჩევის" ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისა და "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დააკავა.
ბრალდებულის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია "ქურდული სამყაროს" საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებას.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.