საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევთან ახლოს მოკლეს. ჭიჭიაშვილის ლიკვიდაცია სპეცოპერაციას მოჰყვა, რომლის მიზანიც მისი დაკავება იყო. უკვე 10 დღეა ჭიჭიაშვილს მთელი უკრაინის მაშტაბით ეძებენ. მას ორი პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ყველა გახმაურებული კრიმინალური საქმის მონაწილე 23 სექტემბერს პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა, თუმცა ჭიჭიაშვილმა სამართალდამცველებს ესროლა, ორი პოლიციელი მოკლა და გაიქცა.
შოთა ჭიჭიაშვილის, ოჯახი პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ხეობაში ფიქრობენ, რომ ჭიჭიაშვილის მოკვლა კიევში წინასწარ იყო დაგეგმილი.
ჭიჭიაშვილის სახელს 90-იან წლებში ადამიანების გატაცებასა და მკვლელობებს უკავშირებდნენ. ბოლოს ჭიჭიაშვილს ტერაქტის ორგანიზების ბრალდება გივი თარგამაძემ წაუყენა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ბარათაშვილის ქუჩაზე, მისი ავტომობილი ჭიჭიაშვილის დავალებით ააფეთქეს და მან ამით რუსეთის ბრძანება შეასრულა.
ჭიჭიაშვილს უკავშირდება გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეც. გლდანის ციხის ერთ-ერთმა პატიმარმა 17 წლის შემდეგ ინტერვიუ P.S.-ს მისცა. კონსტანტინე ციხისთავის მტკიცებით, ის ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო, და ზუსტად იცის, რომ სანაია ჭიჭიაშვილის დაკვეთით მოკლეს.
შოთა ჭიჭიაშვილმა ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ ციხე, ვადაზე ადრე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დატოვა. სკანდალურ სატელეფონო ინტერვიუში, გლდანის ციხის პატიმარი ციხისთავი ამტკიცებდა, რომ ჭიჭიაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი მფარველობდა.
პეტრე ცისკარიშვილის გატაცება, ესპანელი ბიზნესმენების მძევლად აყვანა, პანიკის ხეობაში ტერორისტების შემოყვანა და ნარკოტიკებით ვაჭრობა ყველა ამ საქმეში ჭიჭიაშვილის გვარი ფიგურირებდა. როგორც ცნობილია, უკრაინაში მოკლულ ჭიჭიაშვილს საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.