
მოსკოვის სასამართლომ ტვერის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, 63 წლის ქეთევან ხარაიძე თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხარაიძეს 700 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა.
პროკურატურა ხარაიძისთვის 6 წლიან პატიმრობას მოითხოვდა. თავად ხარაიძე ბრალს არ აღიარებს.
„სასამართლომ ქეთევან ხარაიძე დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი მასშტაბით) ჩადენილ დანაშაულში და მიუსაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 700 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.
ბრალდების მტკიცებით, ქეთევან ხარაიძემ, 38 წლის თანამზრახველთან ერთად, 2021 წლის მაისში შეიტყო, დეველოპერულ კომპანიასა და ერთ-ერთი სახლის მცხოვრებლებს შორის კონფლიქტის შესახებ, რაც უკავშირდებოდა
სამშენებლო მასალის საცხოვრებელ ზონაში გადატანის აკრძალვას.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა გადაწყვიტეს ვითარების პირადი გამდიდრებისთვის გამოყენება, შეცდომაში შეიყვანეს კომპანიის წარმომადგენლები და 15 მილიონი რუბლის სანაცვლოდ, დაპირდნენ პრობლემის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტას.
რამდენიმე დღის შემდეგ, თანხის ნაწილი - 5 მილიონი რუბლი აიღეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.
ხარაიძის თანამზრახველთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ხარაიძე მუნიციპალიტეტის დეპუტატად 2017 წელს აირჩიეს. ის კინოკომპანია „Art Capital Film“-ს მფლობელია.