ის, რასაც "ოქროს მოწმე" საჭიროდ არ მიიჩნევს, შესაძლოა, გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალი აღმოჩნდეს. გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობიდან ერთი თვე გავიდა. ათობით დაკითხული პირის მიუხედავად, მკვლელობის ბრალდებით ჯერ დაკავებული არავინაა. საქმის ფიგურანტების უფლებადამცველებს ყოველდღიურად ახალი შეკითხვები უჩნდებათ, რომელზე პასუხსაც არავინ სცემს, დღეს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები იმ ხუთი პირის ხელახლა დაკითხვას მოითხოვდნენ, რომელთა არაერთი ჩვენება უკვე ცნობილია. მიუხედავად ამისა, ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყება სიმართლის დასადგენად სწორ კითხვებს არ სვამს.
მოწმეები ხელახალ დაკითხვაზე ადვოკატების წინაშე უარს ამბობენ. ერთ-ერთი, ვის ხელახალ დაკითხვასაც დაკავებულის ადვოკატები ითხოვენ, საქმის ოქროს მოწმე, იაკობ ბრეგვაძეა. სწორედ ეს ფოტოგრაფი იყო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე, თუმცა გამომძიებლებს მისთვის კითხვები არ დაუსვამთ. გომელაურის უწყებაში მხოლოდ მისი მიმოწერები გაშიფრეს, უკავშირდებოდა თუ არა 18 ივნისის ტრაგიკული ღამის მოვლენებს. თავად ბრეგვაძემ დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მისი ადვოკატი კი ჟურნალისტების აქტიურობამ გააღიზიანა, რის გამოც ფოტოგრაფის ბულინგისთვის სახალხო დამცველსაც მიმართავს.
საგამოძიებო უწყებაში დღეს 18 ივნისის ტრაგიკული დაბადების დღის მონაწილე პირების ნაწილიც დაიბარეს, ლუკა ბეჟანიშვილისთვის და ბარბარე ურიდიასთვის გამომძიებლებს კითხვები არ ჰქონიათ. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ორივე ახალგაზრდამ კონფლიქტის ღამე გაიხსენა. ბეჟანიშვილმა ღიბრაძესთან საუბარი გაიხსენა, რომელიც მცხეთის ხიდთან მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა.
ხვალ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ზუსტად ერთი თვე შესრულდება, ამ დროის მიუხედავად მთავარი კითხვა, რა დრო იყო გასული ფეხბურთელის გარდაცვალებიდან მისი ცხედარის პოვნამდე, ისევ უპასუხოდ არის დარჩენილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს. რომელშიც ხვალიდან დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. სპეციალისტებმა სულ 14 კითხვას უნდა გასცენ პასუხი, რომელიც შაქარაშვილის სასტიკად ცემას და შემდეგ მის გარდაცვალებას უკავშირდება.
19 წლის ფეხბურთელის ცხედარს ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. გომელაურის უწყებისთვის კი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება მომხდარიყო. ერთი თვის თავზე უწყება მხოლოდ 18 ივნისის ტრაგედიის ფიგურანტების გამოკითხვებით არის დაკავებული.