16 დღეა პენიტენციურს "ვივა მედისთვის" არ გადაუცია ექსპერტიზის დასკვნა, იძულებული გავხდით და ჩვენ მივუტანეთ - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნა კლინიკა "ვივა მედის" ხელმძღვანელობას დაცვის მხარემ გადასცა.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ეს პენიტენციურ დაწესებულებას თავად უნდა გაეკეთებინა, რადგან კლინიკა "ვივა მედი" უწყების კონტრაქტორია, თუმცა 16 დღის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებას სამედიცინო დასკვნა კლინიკისთვის არ გადაუცია.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამოძიებისთვის დაცვის მხარემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მომხდარზე შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.ხაჭაპურიძის თქმით, პატიმრის პირადი მონაცემების გასაჯაროება დანაშაულია და ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობდა, თანამდებობა უნდა დატოვოს.

"როცა არსებობს საკითხი, რომ ადამიანი მოწამლულია, წესით, ანა-ბანაა, უნდა დაიწყოს ამ ფაქტზე გამოძიება, დაკითხული უნდა იქნენ მოწმეები, ვინ იყო შემხებლობაში, თუ თანამდებობის პირები არიან, მათ უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება, ჩვეულებრივი საგამოძიებო სტანდარტია. იუსტიციის სამინისტრო და მინისტრის მოადგილე, ვისაც ეხება ციხეების საკითხი, ესაა პენიტენციური სამსახური და ა.შ. სია შეიძლება ვრცელი იყოს, დაკითხული უნდა იქნენ მოწმეები, კადრები უნდა იქნეს ამოღებული, საკითხი უნდა გაირკვეს, ასე ღიად ვერ დარჩება.

16 დღეა პენიტენციურ სამსახურს მისთვის [კლინიკის ხელმძღვანელობისთვის] არ გადაუცია არანაირი ექსპერტიზის დასკვნა და საქმის მასალები, რომლებიც 21 ტომადაა შეტანილი. ასე აბუჩად აგდება კლინიკის... ჩვენ იძულებული ვიყავით, დავარღვიეთ ყველანაირი, ნორმა, ფორმა და ჩვენ მივუტანეთ ნინო ნადირაძეს ეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც წესით, მისივე მომხრემ, მისმა თანამებრძოლებმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გადასცეს კანონით", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი