ბოთლები მირტყეს, მერე მუშტები, იარაღი და ლიმონკა დამიდეს - დაბა აგარაში ახალგაზრდა პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

19 წლის ახალგაზრდა პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ფაქტი შიდა ქართლში, დაბა აგარაში მოხდა. ნიკა ოსაძე ამბობს, რომ 17 დეკემბრის ღამეს, ფეხით გადაადგილდებოდა დაბაში, როდესაც აგარის პოლიციის ხელმძღვანელმა, სოსო გელაშვილმა გააჩერა, ავტომობილში ჩატენა და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგ, სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც ოსაძე ამბობს, ძალადობაში გელაშვილიც იღებდა მონაწილეობას.

სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ, ნიკა ოსაძის დედის გამოსაკითხად ოჯახში მივიდნენ, მას შემდეგ კი რაც მთავარი არხის კამერა დაინახეს, ტერიტორიის დატოვება სცადეს. ადგილზე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი: 

"ჩემს შვილს აქვს დანაშაული ჩადენილი, პირობითს იხდის და რამე რომ ფუჭდება, უკვე ჩემი შვილი არის პოლიციის ზემოქმედების ქვეშ, სცემენ, აგინებენ, ლეწავენ ძვლებში... რომ მივედი ჩემ შვილს კბილები ჩალეწილი ჰქონდა, ნაცემი, არც უგინებია" ამბობს ოსაძის დედა.

მისი თქმით, მის შვილს პოლიცია თანამშრომლობას აიძულებს - "ჩემ შვილს აწვებიან, ან ჩვენი იყავი, ან ციხეში გაგიშვებთ" - ამბობს დედა.

თავად ნიკა ოსაძე კი გელაშვილის გარდა, ძალადობაში ადანაშაულებს კიდევ ერთ პოლიციელს - გიორგი თურმანიძეს და ამბობს, რომ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. 

"ხელით შემეხნენ, ბოთლები მირტყეს და გამომიშვეს ნაცემი, შემაგდეს კაპეზეზე... ეს პირველი არ არის, ბევრი შემთხვევაა, როდესაც გამოვდივარ ქუჩაში და აგარა დატოვეო... სოსო გელაშვილი მცემდა და გიორგი თურმანიძე. თავიდან გაშლილი ხელებით, მერე მუშტებით, მერე იარაღი და ლიმონკა დამიდეს და ვიდეოს იღებდნენ შენიაო? " ამბობს ოსაძე.

სამართალდამცველებს მსგავს ბრალდებებს უყენებენ ოსაძის ძმებიც, თუმცა აგარის პოლიციაში ყველაფერს უარყოფენ.

17 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 3 500 ლარით ნიკა ოსაძე დააჯარიმა, თუმცა ახალგაზრდა ამბობს, რომ ვერ გადაიხდის, რადგან საშუალება არ აქვს. ის სახალხო დამცველის აპარატსა და საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი