
ფოთში, რამდენიმე დღის წინ დააკავეს ბიზნესმენი, რომელსაც თან ჰქონდა კალაშნიკოვი მაყუჩით, 45 ტყვია, ნიღაბი და ხელთათმანები. ეს ადამიანი ჰამლეტ კუკავაა, რომელიც წლებია ამტკციებს, რომ ბიზნესი მას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ წაართვა. ერთი ვერსიით, კუკავას სამიზნე ფოთის მაჟორიტარი იყო და ის ამ გზით ცდილობდა სამართალის პოვნას. გავარკვიეთ, რომ დეპუტატის სახლთან ის რამდენჯერმე შენიშნეს. არის მეორე ვერსიაც, რომ კუკავას, რომლის მტკიცებითაც იარაღი მას არ ეკუთვნის - ხახუბია პოლიციის ძალით გაანეიტრალებს და დიდი ხნით გაუშვებს ციხეში.
საკუთარი მიწისთვის ბრძოლა ჰამლეტ კუკავასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნაკვეთის დაბრუნებისთვის დაწყებული დაპირისპირების გამო, ის უკვე გისოსებს მიღმაა. ამ ისტორიაში ყველაზე საეჭვო ნაწილი დაკავების ადგილი, აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა. 14 ივლისის ღამით, ჰამლეტ კუკავა, პოლიციამ რატომღაც სწორედ იმ დეპუტატის საცხოვრებელი სახლის ქუჩაზე დააკავა, რომელსაც წლების განმავლობაში მიწის წართმევას აბრალებდა. თუმცა, როგორ აღმოჩნდა დაკავებული მამაკაცის ხელში კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოჯახისთვის უცნობია.
რა ვითარებაში დააკავეს ჰამლეტ კუკავა, ამის გასარკვევად "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა იმ ეკიპაჟის ძებნა დაიწყო, რომელმაც 14 ივლისის ღამეს კუკავას ბორკილები დაადო. სამართალდამცველები დუმულს ამჯერადაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არღვევენ.
ჰამლეტ კუკავას ახლა 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მოდავე მხარე სამართალდამცველების ხელით მოიშორა. შემთხვევის ადგილას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიზანმიმართულად დადეს, იმისთვის რომ ტერიტორიაზე მისული ჰამლეტ კუკავას დაკავების მოტივი ჰქონოდათ. ახლა ბრალდებული ბრალს იმიტომ აღიარებს, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს და საკუთარი მიწისთვის ბრძოლა ციხის გარეთ ისევ გააგრძელოს.
მიწის წართმევაში ჰამლეტ კუკავა "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ხახუბიას წლების განმავლობაში ადანაშაულებდა. ჩახლართული სქემის მიხედვით, რომლითაც ფოთის მაჟორიტარი მოქმედებდა, კუკავას კუთვნილი მიწა ჯერ გაყალბებული საბუთებით წაართვეს, 2018 წელს ფოთის მერის განკარგულებით, ლამარა ჭანტურიას სახელზე გადააფორმეს. ახალმა მფლობელმა კი ტერიტორია, დეპუტატის ბიზნესპარტნიორებს მიჰყიდა. ამ სქემის შესახებ ბრალდებების მთავარ ადრესატს ვკითხეთ, თუმცა ირაკლი ხახუბია ჩვენს შეკითხვებს გაექცა.
როგორ დაიკანონა ჰამლეტ კუკავას კუთვნილი მიწა ლამარა ჭანტურიამ, რომელსაც, კუკავას ინფორმაციით, ეკა ბესელია მფარველობდა - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მიწის ყოფილ მფლობელს მივაკითხეთ. სახლში ლამარა ჭანტურიას ძმა დაგვხვდა, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ მიწა მათი საკუთრებაა და მრავალი წლის განმავლობაში, მოდავე არავინ ჰყოლიათ.
ჰამლეტ კუკავას კუთვნილ მიწაზე ახლა შპს "აისბერგი" ფუნქციონირებს, რომლის დამფუძნებლებიც, ირაკლი ხახუბიას ბიზნესპარტნიორები - თენგიზ სარიშვილი და კახა ლატარია არიან. კომპანიში ამტკიცებენ, რომ სადავო არაფერია და ტერიტორია მათ ყველა კანონის დაცვით შეიძინეს.
სწორედ თენგიზ სარიშვილისა და კახა ლატარიას საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს ცეცხლი რამდენიმე თვის წინ. რა მოტივით ესროლეს ირაკლი ხახუბიას ბიზნესპარტნიორების სახლებს, გაურკვეველია. თუმცა, ტყვიის კვალი ორივე შემთხვევაში კარგად ჩანს. პოლიცია დუმს, ოჯახისწევრები კი კამერების დანახვითაც ღიზიანდებიან.
ჰამლეტ კუკავასა და ირაკლი ხახუბიას დაპირისპირების შესახებ, ქართული მედია წლების განმავლობაში აქტიურად წერდა. ერთ-ერთი ბოლო, ვისაც დაკავებამდე ჰამლეტ კუკავამ ინტერვიუ მისცა, პრესა.ჯის რედაქტორია.
გავლენებისთვის ბრძოლა ფოთში აქტიურ ფაზაშია - ამის გამო, ოპოზიცია ვარუდობს, რომ "ოცნების" დეპუტატმა მთავარი მოწინააღმდეგე პოლიციის ხელით მოიშორა. ჰამლეტ კუკავა გაურკვეველი მიზეზით იმის გამო დააკავეს, რომ ირაკლი ხახუბიას წინასაარჩევნო კამპანიას ხელისშემშლელი არავინ ჰყოლოდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფოთის მაჟორიტარად, "ქართული ოცნება" წელსაც ირაკლი ხახუბიას წარდგენას გეგმავს. გაათავისუფლებენ თუ არა დაკავებულ ჰამლეტ კუკავას არჩევნებამდე უცნობია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს, "ოცნების" დეპუტატს წინასაარჩევნოდ სერიოზული მოწინააღმდეგე ეყოლება.