დაისჯებიან თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები? - ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რომ დამნაშავეებს გამოძვრომის დიდი შანსები რჩებათ. ბოლო ჩვენებების მიხედვით - მკვლელობისთვის ბრალს "ქამრიში" მსხდომ პირებს წაუყენებენ, რომლებიც შაქარაშვილს ყველაზე ახლოს მისდევდნენ. ბრალს წაუყენებენ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ დანაშაულს დაუმტკიცებენ.
ბოლო დაკითხვები აჩვენებს, რომ მომხდარიდან ერთ საათში, ყველა ახალგაზრდამ იცის დაკარგული ბიჭის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერი შეიმჩნია და ახლა ყველა თავის გადარჩენას ცდილობს. თავად პოლიცელებიც კი დოკუმენტებში აღიარებენ, რომ ახალგაზრდები მტკიცებულებებს სისტემატურად ანადგურებენ. სუს-ის გავლენის ქვეშ არის მოწმეების დიდ ნაწილიც, რომ მათ მთავარ ოპოზციურ არხთან ზედმეტი არაფერი ილაპარაკონ.
16 ივლისით დათარიღებულ მოხსენებით ბარათში გამომძიებელი წერს, რომ მას აქვს ინფორმაცია არაგვის ხიდზე არსებულ საწარმოებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების განადგურების შესახებ და ჩანაწერების ამოღებას სასწრაფოდ ითხოვს. ეს 16 ივლისს ხდება, მომხდარიდან 28 დღის შემდეგ. ვიდეო მტკიცებულებების მოპოვეების ნაწილში, გამოძიებას, როგორც ჩანს პრობლემები აქვს. საქმის მე-19 ტომში არაერთი დოკუმენტი დევს, საიდანაც ირკვევა, რომ მნიშვნელოვან ადგილებში დამონტაჟებული კამერები ზოგ შემთხვევაში არ მუშაობდა, ზოგჯერ გამორთული იყო, ან უბრალოდ დაგვიანდა საგამოძიებო მოქმედება და წაიშალა.
ოქმი ფრჩხილის ნიმუშის აღების შეუძლებლობის შესახებ - ამ სათაურით შაქარაშვილის საქმეში 20-ზე მეტი დოკუმენტი დევს. ყველაზე საინტერესო ეს ნაწილია - გურამ ამირხანაშვილმა, ვასილ მახარაძემ, არჩილ გაგნიძემ, ნიკა ხეჩოშვილმა და "ქამრის" ყველა მგზავრმა ფრჩხილები მინიმუმზე დაბალ დონეზე დაიჭრა - რატომ ? ამაზე პასუხი მარტივია. ნიმუშები, რომ ყოფილიყო ქსპერტები მარტივად ნახავდნენ ჰქონდა თუ არა რომელიმეს შეხება გიორგი შაქარაშვილთან. ყველა ეს პირი გამოკითხვაზე 21 ივნისამდეც იყო, მათთან საგამოძიებო ექსპერიმენტებიც ჩატარდა, თუმცა გამომძიებლებმა ნიმუშების აღება, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალეს. 21- ში უკვე დაგვიანებული იყო, ვიღაცამ გააფრთხილა და ურჩია ასე ექნათ.
კიდევ ერთი დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა. გურამ ამირხანაშვილი პირველი გამოკითხვის დროს, 19 ივნისს ამბობს, რომ თავდამსხმელების ამოცნობა შეუძლია, თუმცა როგორც ჩანს მცხეთის პოლიციის თანამშრომლებმა არც ამ შემთხვევაში ჩათვალეს საჭიროდ საგამოძიებო მოქმედება იმ დღესვე ან მეორე დღეს მაინც ჩაეტარებინათ. ჩაატარეს 26-27 ივნისს. ერთკვირიან შუალედში კი რა ხდებოდა არავინ იცის, რა კონტაქტი ჰქონდათ ახლა უკვე ბრალდებულებს მოწმესთნ, ხომ არ დააშინეს, დააშანტაჟეს ან დაემუქრნენ ?! - ეს კითხვები პასუხგაუცემელია.
18-ტომიანი საქმის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მეოთხე ტომში გვხვდება. 22 ივნისით დათარიღებული პატაკი. დეტექტივი დავით დინუაშვილი მცხეთის პოლიციას იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის ამოღებას იმ მოტივით სთხოვს, რომ შესაძლოა, ბრეგვაძემ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალა გაანადგუროს. მეორე დღეს ფოტოაპარატი და მეხსიერების ბარათები წაიღეს, თუმცა ვეღარაფერი აღმოაჩინეს.
ვერაფერი საინტერესო ნახეს მცხეთაში წვეულებაზე და შემდეგ უკვე არაგვის ხიდზე მყოფი პირების "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ"-გვერდებზე. იმიტომ რომ ინციდენტში მონაწილეების სოციალური ქსელების დათვალიერება 15 ივლისს ითხოვეს. მომხდარიდან 26-ე დღეს - ვერაფერი იპოვნეს და ახლა დახმარებას "ფეისბუქის" ადამინისტრაციას სთხოვენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციამ ინფორმაცია ოფიციალურად 19 ივნისს მიიღო.
იმ დღესვე გამოკითხეს ყველა, თუმცა არავის მოაფიქრდა, რომ ამოეღოთ და დაეთვალიერებინათ მოწმეების მობილური ტელეფონები. როცა ექსპერტიზაზე წაიღეს, უკვე გვიანი იყო - ინფორმაცია წაშლილია. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართეს, დაგვეხმარეთ წაშლილი ინფორმაციის აღდგენაშიო. მაგრამ მობილურ ტელეფონებს ვინღა ჩივის, დანაშაულში მონაწილე პირების ტანისამოსიც რამდენიმე დღის შემდეგ ამოიღეს, არავინ იცის ის ტანსაცმელია, რაც ბრალდებულებს მაშინ ეცვათ თუ სხვა, იქნებ გარეცხეს და კვალი წაშალეს ? - ესეც კიდევ ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა.
ამ ფაქტების მიხედვით გამოდის, რომ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცველებმა გადადეს. იფიქრეს, ალბათ, მოგვიანებით ვიზამთო - ეს ან არაკვალიფიციურობით ან სპეციალურად გააკეთეს. ძალიან დაუგვიანდათ 112-სთვის მიმართვაც. მანქანების გადაადგილების ტრაექტორია მხოლოდ 14 ივლისს გამოითხოვეს. დააგვიანდათ მანქანებზე ექსპერტიზებიც. მაგალითად, "ქამრიდან" ძირს დასაფენი ხალიჩები
არა 19 ან 20 ივნისს, არამდენ რამდენიმე დღის შემდეგ ამოიღეს. იქნებ მესაკუთრეებმა მანქანები გარეცხეს და კვალი წაშალეს - ამაზე პასუხი არავის აქვს.
რაც შეეხება საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც 19 ივნისის ღამით არგვის ხიდზე იყო და რომელმაც იაკობ ბერგვაძე თბილისში წამოიყვანა. მათი სამხრე კამარების ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია გამოძიებამ 7 ივლისს მოითხოვა და საქმის მასალებში მოთხოვნილი კადრები ჯერ არ დევს. არადა ჩანაწერებს სამხრე კამერები 30 დღე ინახავს. ეს ვადაც უკვე ამოიწურა.