
ექსპერტიზა ვივა-მედის კლინიკაში ისევ ჩაიშალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ფრჩხილისა და თმის ნიმუშების აღება ვერ შეძლეს, რადგან მასალის აღება მათ კვლავ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გარეშე სურდათ.
"ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატთან, რომ დღე შემოვიდოდით. მან მისცა თანხმობა შემოსვლაზე და როდესაც ვივა მედში შევედი, შემდგომ დამიკავშირდა და განმიცხადა, რომ პირადი მიზეზები გამო, დღეს ვეღარ მოახერხებს ვივა მედში მოსვლას. " ამბობს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი
დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა, რომელმაც კლინიკა მედიასთან კომენტარების გარეშე დატოვა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესების დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვას მოითხოვენ.
შემდეგი პროცესი მოსამართლე გიორგი არევაძემ ერთი კვირის შემდეგ, 29 დეკემბერს ჩანიშნა. დასაკითხი მოწმეების რაოდენობის და მოცულობითი საქმის მასალებიდან გამომდინარე კი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები შიშობენ, რომ სხდომების გაჭიანურება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება.