შეიარაღებული თავდასხმა მარნეულში - ადგილობრივი პოლიციელის ოჯახში გუშინ, გვიან ღამით უცხო პირები შევარდნენ, სასტიკადაა ნაცემი პოლიციელის დედა და მეუღლე. რომლებსაც მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ანგარიშსწორება ორი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.
ირკვევა, რომ ნიღბიანი პირები უბნის ინსპექტორის, ამილ ჰაჯიევის სახლში შეიჭრნენ, ქალებს ხელები შეუკრეს და მათზე ფიზიკურად იძალადეს.
"გამოკითხვაზე ვიყავი, ახლა მოვედი, ამბავი წუხელ მოხდა. ჩემი შვილი სამსახურში იყო. ქალები მარტო იყვნენ ბავშვებთან ერთად. ამ დროს უცხო პირები შევიდნენ, ქალებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩემი მეუღლე მძიმედაა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩემი რძალი კი სცემეს და ხელები შეუკრეს. არ ვიცი რა უნდოდათ ჩემგან",- ამბობს პოლიციელის მამა.
დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დაკავებულნი. უცნობია წაღებულია თუ არა სახლიდან ნივთები.
"აქ მარნეულში ყოველდღე ხდება მსგავსი კრიმინალური შემთხვევები. პოლიცია საკუთარ თავს ვერ ციავს, ჩვენ როგორ დაგვიცავს",- ამბობენ ადგილობრივები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო.