მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული კონფლიქტი ქობულეთის ცენტრში მკვლელობით დასრულდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მოკლულ 30 წლის გიორგი ჯაბნიძის გარდა სისხლიანი გარჩევის დროს მძიმედ დაშავდნენ გოჯო ქათამაძე და არჩილ ცეცხლაძე. ჯაბნიძემ მათ დაზიანებები სავარაუდოდ ნაჯახით მიაყენა. ამის შემდეგ ცეცხლაძემ მანქანიდან სანადირო თოფი ამოიღო და ჯაბნიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
გიორგი ჯაბნიძეს და გოჯო ქათამაძეს შორის თვეების განმავლობაში დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო მიმდინარეობდა და ამ კონფლიქტის გამო კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევით ე.წ ქურდული გარჩევაც მოხდა.
გუშინ ღამით ჯაბნიძე ქათამაძესთან სახლში მივიდა და საქმის გასაჩევად დღეს რუსთველის ქუჩაზე დაიბარა. პირი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს და რომელმაც ამ კონფლიქტის შესახებ ბევრი იცის, „მთავარს“ უყვება, რომ ქათამაძე დანიშნულ ადგილზე ნათესავ არჩილ ცეცხლაძესთან ერთად მივიდა. სანადირო თოფი კი იმიტომ წაიღეს, რომ იცოდნენ, წარსულში ნასამართლევი ჯაბნიძე შეიარაღებული იქნებოდა.
მკვლელობის შემდეგ არჩილ ცეცხლაძე და გოჯო ქათამაძე გაიქცნენ. დაზიანებების მიუხედავად, ისინი საავადმყოფოში არ მისულან. მათი დაჭრის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ძალოვანი უწყება მხოლოდ იმას ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არის.
თვითმხილველები კი ყვებიან, რომ ქათამაძე და ცეცხლაძე მეტადონის პროგრამიდან გამოვიდნენ და ჯაბნიძეს იქვე შეხვდნენ. რამდენიმე წუთში ჯერ ხმამაღალი საუბარი და ჩხუბის ხმა გაიგეს, შემდეგ კი 2 გასროლა მოხდა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მოკლული გიორგი ჯაბნიძე წარსულში ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არის ნასამართლევი. მის ახლობლებს და ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ.