მოქალაქე აჭარის მთავრობის სახლთან კარვის გაშლას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა - ის პოლიციაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა ამბობს, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ, მიმდებარედ სკვერში კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და პოლიციაში წაიყვანეს. ადგილე იმყოფება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი და ცდილობს ვითარებაში გარკვევას. 

"ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ვარ. არ გამაშლევინეს კარავი და ხელი მეშლება ჩემი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მოკლედ. ბედნიერი ერი", - წერს ზურაბ ქარჩავა Facebook-ზე. 

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ქარჩავამ ბათუმის მერიას პროტესტის საჯაროდ გამოხატვამდე ორი დღით ადრე წერილი გაუგზავნა. ის დღეს შიმშილობის დაწყებას აპირებდა. ფსიქოლოგი ითხოვს, რომ საჯარო სკოლებში ბავშვების ერთჯერადი კვება იყოს უზრუნველყოფილი.

"დღეს საქართველოში ათასობით ბავშვი მშიერი იზუთხავს ლექსებს და ათასობით ბავშვი ნატრობს სწრაფად მორჩეს საგაკვეთილო პროცესი რომ ელემენტარულად ერთი ნაჭერი პური მაინც შეჭამოს სახლში ან ბავშვთა დღის ცენტრში. მე ვაცნობიერებ შიმშილის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს რომლებიც მძიმედ აისახება თითოეული ბავშვის და ადამიანის ნეიროფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს აქტი არ არის პოლიტიკური, და ეს მინდა რომ გაითავისოს ნებისმიერმა ვისაც ვიცი რომ აწუხებს ამ წინასაახალწლოდ ასეთი პროცესი. იქნება კითხვები და იქნება ჩემი პასუხები რომელიც სიტყვაზე მენდეთ იქნება მტკივნეული ბევრისთვის", - წერს ქარჩავა სოციალურ ქსელში. 

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი