"კისერს მოგიგრეხ თუ არ აღიარებო!" - ლუკა სირაძის ტრაგიკული ისტორია და ფსიქოლოგიური ტერორი დედის თვალწინ

გამოქვეყნდა:

ბედნიერი ბიჭის, ლუკას ამბავი ცოტა ხნის წინ დიდი უბედურებით დასრულდა.

ლუკას პირველი სკოლა სახლის წინ ჰქონდა. დედა ყოველ დილით აივნიდან აცილებდა თვალებით. ნაშუადღევსაც აქვე ხვდებოდა.

7 კლასი 10-იანებზე დაამთავრა. არასოდეს სიკვდილის წინა დღემდე არც ლუკას და არც ოჯახის რომელიმე სხვა წევრს კანონთან პრობლემა არ ჰქონია. 12 წლისას მამა რომ გარდაეცვალა საუკეთესო მოსწავლეს ცოტაოდენი სიზარმაცის პერიოდი დაეწყო. უმამო ბავშვის ცუდი გავლენებისგან დასაცავად დედამ გადაწყვიტა კერძო სკოლაში გადაეყვანა

მწვანე სკოლაში ლუკამ ერთი სემესტრი ისწავლა. 

"საშუალება რომ აღარ მქონდა გადახდის, გადავიყვანე 100-ე საჯარო სკოლაში" - ამბობს ლუკას დედა

იმედგაცრუებული ადამიანის ფრაზაც მწვანე სკოლის კედელზე, რომლითაც ჩვენ ლუკა გავიცანით, შესაძლოა ამ ეპიზოდს უკავშირდებოდეს

ბექას და ლუკას სამაგალითო ძმობა ჰქონდათ. ბექა სამხედრო აკადემიის კურსანტია. ლუკაც აპირებდა ძმასავით ჯერ ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში ჩებარებინა

როცა ბექამ ტურისტების ტრანსპორტით მომსახურება ჩაიფიქრა, ლუკამ გადაწყვიტა არაბული ენა ესწავლა, სკოლაც შერჩეული ჰქონდა.

გადაპარსული თმა პოლიციელმა ლამის დანაშაულის მტკიცებულებად ჩაუთვალა. დანაშაული კი ასეთი იყო - 9 დეკემბრის ღამეს უცნობმა პირმა სკოლის კედლებზე და დაფაზე წარწერები დატოვა, დააზიანა ჟურნალი. ადამიანი კამერების ჩანაწერებზე არავის დაუნახავს, ჩანაწერიდან კი მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

ლუკას მეგობრებისთვის მიწერილი ჰქონდა, რომ დილით სკოლაში სიურპრიზი დახვდებოდათ. სწორედ ამ მესიჯმა დაარწმუნა ადმინისტრაცია, რომ წარწერების ავტორი ლუკა სირაძე იქნებოდა.

პოლიციას დიდი გამოძიება არ დასჭირვებია. სკოლიდან სიურპრიზის სავარაუდო ავტორის სახელით და გვარით დაბრუნდნენ განყოფილებაში, სადაც ლუკა დედასთან ერთად გამოიძახეს.

გამარჯობიდანვე დამცინავი გამომძიებლის გვერდით იყო სკოლის ადმინისტრატორიც. ლუკას დედა გვიყვება, რომ ის დაკითხვის ბოლომდე სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა ჩანაწერის ჩვენებაზე უარი უთხრა.

ლუკას დედა იხსენებს რომ სკოლის ადმინისტრატორს უკვე ემუდარებოდა მისთვის ზარალის ანაზღაურების საშუალება მიეცათ. ადმინისტრატორი დუმდა. ემუდარებოდა შვილსაც- ლუკა უარზე იყო. ჩოლოიანი  - მოწოდების სიმაღლეზე:

"კისერს მოგიგრეხ თუ არ აღიარებო! ბევრი ყოფილა  შენნაირები, ასე რომ არ აღიარებდნენ, მომიგრეხია მათთვის კისრები და შენც იგივე მოგელის"

ელიკო ჩხიტუნიძე უყურებდა, როგორ კარგავდა ლუკა კონტროლს საკუთარ თავზე და ატირდა. ამ დროს „კისრის მოგრეხისთანმიმდევრულ საქმეში 2 პოლიციელი ჩაერთო.

კეთილმა და ბოროტმა მეთოდისტებმა ლუკა მალე ისევ ჩოლოიანთან დააბრუნეს.

დაკითხვაზე ლუკას კლასელი გოგონა და მისი დედა შეიყვანეს. მშობლებმა არ იცოდნენ, რომ გოგონას ლუკასთვის მიწერილ მესიჯში მცირედ არანორმატიული ლექსიკა ჰქონდა გამოყენებული, რაც სავსებით ნორმატიულია თინეიჯერების სასაუბრო ენაში. ამასობაში მარიანა ჩოლოიანმა გაიგო, რომ ლუკას უფროსი ძმა ჰყავს და ის სამხედრო აკადემიაში მსახურობს.

პოლიციელები ლუკასგან მოითხოვდნენ კედლების მოხატვის გარდა ეღიარებინა რომ მეგობრებისთვის მიწერილ მესიჯებში ლუკამ იმ სახელით მოიხსენია, რომლითაც მათი მამა-პაპა  სამართალდამცეველებს 70 წელი ამკობდა. 

გინებამ და ძმით შანტაჟმა  ლუკაზე ძლიერად იმოქმედა. პოლიციელები მიხვდნენ, რომ მისი მთავარი სისუსტე იპოვეს - ჯგუფურად გაიმარჯვეს 15 წლის ბიჭზე

ფსიქოლოგიური ტერორის ფინალური აკორდისთვის ლუკა  განყოფილების უფროსის მოადგილის ოთახში შეიყვანეს. დედა ვერც მიხვდა, ჰქონდა თუ არა უფლება იქ შეჰყოლოდა. ის ცდილობდა პოლიციელები არ გაეღიზიანებინა რომ შვილი ამით დაეცვა. ლუკა 7 წუთში დააბრუნეს.

ლუკა მიხვდა, რომ დედა ვერ ეხმარეობდა. ძმა გორში იყო, მაგრამ დანამდვილებით, გადაუდებლად სჭირდებოდა ვინმეს დახმარება. არც სასწრაფო და არც სოციალური აგენტი. ლუკა მის მიმართ მტრულად განწყობილი სისტემის წინაშე სრულიად მარტო დარჩა.

ლუკამ გადაწყვიტა, აღიარებითი ჩვენება დაეწერა, მაგრამ უკვე ღამის 12 ხდებოდა. დედა-შვილი მეორე დღეს დაიბარეს.

ბექას მხოლოდ ვარაუდი შეუძლია, რატომ არ აღიარებდა ასეთი წვრილმანს მისი უმცროსი ძმა და რატომ ბრაზდებოდა, როცა დედა სკოლის ადმინისტრატორს ზარალის ანაზღაურებას სთავაზობდა

ლუკა მეორე აღიარებითი ჩვენებისთვის მივიდა იმავე განყოფილებაში, მაგრამ როცა კედლების მოხატვის გარდა პირად მესიჯებში პოლიციელების დამამცირებლად მოხსენიებაც მოსთხოვეს, უარი განაცხადა.

სახლში დაბრუნებულმა ლუკამ წესიერად ვერც ისადილა. ნახევარ საათში კი დედამ ხმა უკვე კარისკენ მიმავალს დააწია - ამაღამ სახლში არ მოვალო და სირბილით დაეშვა კიბეებზე.

იმ ღამეს ლუკა მართლაც აღარ დაბრუნებულა. გამოძიებამ ვერ დაადგინა, მეზობელი ცხრასართულიანიდან გადმოხტა თუ გადმოვარდა. 6 დღის შემდეგ ის იაშვილის კლინიკაში დაიღუპა.

პოლიციის მთელი განყოფილებიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ მარიანა ჩოლოიანს ეკისრება.

სიკვდილის ზუსტი მიზეზის ორაზროვნების გამო არა თვითმკვლელობამდე მიყვანის, არამედ დაშინებით ჩვენების გამოძალვისთვის, რაც 2 დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. ის ბრალს არ აღიარებს

ლუკას წინააღმდეგ მოქმედი სხვა პოლიციელებიდან ერთი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს, დანარჩენი იქვე მუშაობს.

თავად მარიანა ჩოლოიანი საზოგადოებამ ლუკას ტრაგედიის შემდეგ უკეთ გაიცნო. მისი სახელი ფიგურირებდა ე.წ. „წავკისის სპეცოპერაციის საქმეშიც“, რომელშიც მოწმის ფიზიკური იძულება ჩვენების მოსაპოვებლად სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

ლუკა სირაძის საქმეზე სასამართლო პროცესები გასულ კვირას დაიწყო. აგვისტოდან დაცვის მხარე თავისი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

დახურულ დარბაზში განიხილავენ, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ 15 წლის მოზარდმა პოლიციაში გატარებული რამდენიმე საათში ცხოვრებაზე ხელი აიღო.

დანარჩენი კი ჩვენი საფიქრალია, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ სულ რამდენიმე წელიწადში საბჭოთა მილიციის მეტსახელი დაიბრუნა, რისი ჩამორეცხვაც კედლის გრაფიტების წაშლაზე რთულია და მტკიცება არ სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი