მკვლელობა ქუთაისში - საზოგადოების გულგრილობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

საზოგადოების გულგრილობას დღეს კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა.

სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალი ყვიროდა და შველას ითხოვდა, მეზობლებმა მისი ხმა გაიგონეს, თუმცა მხოლოდ ორი საათის შემდეგ გადაწყვიტეს ქალის მოკითხვა, მაშინ, როდესაც ბინიდან უკვე არანაირი ხმა აღარ გამოდიოდა... 

ქალი უკვე მკვდარი იყო. ის ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში მოხდა. ელისო ჩეჩელაშვილს საცხოვრებელ სახლში სასიკვდილო ჭროლობები მიაყენეს. გარდაცვლილს არაერთი დაზიანება აღენიშნება. ცხედარზე ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც გამოიკვეთა. გამოძიება  განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

რა მოხდა გუშინ ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ?

18 ივლისი. საღამოს 10 საათი. გამსახურდიას ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან ქალის განწირული ხმა ისმის. 30 წლამდე ასაკის ქალბატონი შველას ითხოვს. ყვირილს იგებენ მეზობლები,  კარგად ესმით, რას ითხოვს ადამიანი. მეზობლების ნაწილმა გარკვევით გაოგო სიტყვა "მიშველეთ". ქალის ხმასთან ერთად, ბინიდან მამაკაცის ხმაც ისმის. თუმცა, 9-სართულიანი კორპუსის არცერთი მაცხოვრებელი არ რეკავს 112-ში და არ მიდის დასახმარებლად ელისო ჩეჩელაშვილთან.   

რამდენიმე წუთიანი ყვირილის შემდეგ ქალის ხმა აღარ ისმის. 2 საათის შემდეგ, ღამის 12 საათზე, მეზობლებმა ბინის კართან მისვლა გადაწყვიტეს. ზარი დარეკეს, თუმცა პასუხი არავინ გასცათ. ამის შემდეგ  კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა 112-ში დარეკა.

გამოძახების შემდეგ სამაშველო სამსახური გამსახურდიას ქუჩაზე, საპატრული ეკიპაჟის გარეშე მიდის. ნახევარი საათის შემდეგ ადგილზე  საპატრულო პოლიცია ჩნდება. სახლის კარი მხოლოდ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ შეამტვრიეს. ბინაში მოკლული ქალი დახვდათ.

სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პოლიციის გარეშე კარის შემტვრევის უფლება მაშველებს არ აქვთ. რატომ დაიგვიანა საპატრული პოლიციამ და რატომ არ მივიდნენ ადგილზე 112-ში განხორციელებული ზარის შემდეგ, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა არავინ გვიპასუხა.

ელისო  ჩეჩელაშვილს 15 წლის შვილთან და  მეგობართან, ირინა ჭაბუკიანთან ერთად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში ჰქონდა ბინა ნაქირავები. ამ სახლში დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიდნენ. მხოლოდ მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ფარდულში მცხოვრებ ცოლ-ქმარს იცნობდნენ. დღეს სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები სწორედ მათ სახლში ჩაატარეს. საგანგებო უწყება ჯერჯერობით ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს.

დაღუპულის მეგობრები ამბობენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახლობლებს არ აქვთ ვერსია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო თავდამსხმელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

ავტორები: ირაკლი ვაჩიბერაძე, გურანდა ავალიანი, რეზი ბურჯანაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი