ცენტრ "ემპათიის" ექსპერტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან მისივე სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
"როგორც ცენტრი ემპათიის დასკვნაშია ასახული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და პროგნოზულად მოსალოდნელია დამძიმება. შესაძლებელია, განვითარდეს კომაც და ლეტალური გამოსავალიც. შესაბამისად, აუცილებელია სწრაფად იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და არავის აქვს უფლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეუწყოს ხელი", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, დედა, გიული ალასანია იმყოფება.
ცნობისთვის, ხვალ, 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სხდომა გაიმართება. ცნობილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად შეძლებს.