ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გასაწმენდად გუშინ გვიან ღამით თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში.