რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. მან ხმების 40.6 %-ი მოიპოვა. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.
რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.