იანვარში, გლდანის ციხეში ნაცემი პატიმარი, წუხელ კლინიკა "ვივა მედში" გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხეში ნაცემი პატიმარი,  46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გარდაიცვალა. კლინიკაში ის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.  გორგაძე გასულ ღამეს დაიღუპა. 

„წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო“, [IPN] - აცხადებს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

მისივე თქმით, პაციენტი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი და დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

"ვივა მედის"  კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მაშინ გაკეთებულ კომენტარში ამბობდა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დეტალურად არ საუბრობდა. 
პენიტენციურს კი განცხადება არ გაუკეთებია. 

ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავარიის შემდეგ დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში, "ქართული ოცნების" აქციიდან მიმავალ აქტივისტებს შეეჯახა. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი