პროკურატურა დამატებით დროს ითხოვს - შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ჩიხში შევიდა

გამოქვეყნდა:

19 ტომიან საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდების წარსადგენად აუცილებელია. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, ათობით მოწმე გამოკითხული, არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა როგორც ჩანს, გამოძიებამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა.

შოთაძის უწყება გამოძიებისთვის დამატებით ერთ თვიან ვადას ითხოვს. ამ ერთ თვეში უნდა აღმოაჩინონ რაიმე ისეთი, რაც კონკრეტული პირებისთვის ბრალის დამძიმების წინაპირობა იქნება. 

პროკურატურამ მცხეთის სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ითხოვენ რომ 31 ივლისის ნაცვლად, წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს ჩატარდეს, მაგრამ საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები. მათი წინასწარი პატიმრობის 40 დღიანი ვადა 11 დღეში იწურება, ამიტომ შოთაძის უწყებამ გადაწყვიტა არასრულწლოვნების საქმე, მათ შორის იმ ორის ვინც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა, სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წაიღოს და სასამართლო სხდომა 31 ივლისს მხოლოდ 6 არასრულწლოვნის სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდეს. 

საგამოძიებო უწყება ახალი, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ექსპერტებმა, რომლებსაც 150- ზე მეტ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, სწრაფად უნდა იმუშაონ.

აგვისტოს ბოლო კვირაში უკვე უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისი იქნება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდების წარსადგენად.

საგამოძიებო უწყება ცდილობს მოიპოვოს მტკიცებულებები "ტოიოტა ქამრიში" მსხდომი პირების წინააღმდეგ. ახალი ექსპერტიზის მოთხოვნაშიც წერია, რომ არაგვის ხიდის მოაჯირზე აღებულ ანაწმენდებს "ქამრიში" მსხდომი მორაგბეების, არასრულწლოვნების და ასევე გური ამირხანაშვილის, გიორგი ქათამაძისა და ვახო ახვლედიანის ბიოლოგიური მასალა შეადარონ. 

იმისთვის რომ მოიპოვონ ახალი მტკიცებულებები და ჰქონდეთ მყარი არგუმენტები, საქმის ფიგურანტებს სამართალდამცველები თავიდან კითხავენ - დაზარალებულებსაც, მოწმეებსაც და ბრალდებულებსაც.  საგამოძიებო უწყებაში უკვე მეორედ იყო იმ პირთა უმეტესობა, რომელიც 18 ივნისის ღამეს მცხეთაში, ანა გაბეჩავას დაბადების დღესა და არაგვის ხიდზე იმყოფებოდა.

პროკურატურამ მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. საქმის ადვოკატებს 3 დღე აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია წარადგინონ და ამის შემდეგ მოსამართლე იმსჯელებს და გადაწყვეტს - დააკმაყოფილებს თუ არა ბრალდების მხარის მოთხოვნას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი